23 დეკემბერს იუსტიციის სამინისტროს ცხელი ხაზის ოპერატორების ტრეინინგი დასრულდება. ტრენინგი 21 დეკემბერს დაიწყო. სწავლების მიზანია იუსტიციის სამინისტროს ცხელი ხაზის ოპერატორთათვის მომსახურების ძირითადი სტანდარტების გაცნობა და აღნიშნული სტანდატების მათ პროფესიულ საქმიანობაში დანერგვა. ტრენინგში მონაწილეობენ იუსტიციის სამინისტროში დასაქმებული უნარშეზღუდული ადამიანები, რომლებიც სამინისტროში ცხელი ხაზის ოპერატორებად მუშაობენ. ტრენინგი სატელეფონო მომსახურების სტანდარტებთან დაკავშირებით იუსტიციის სასწავლო ცენტრის ორგანიზებით იმართება.
ამასთან, იუსტიციის სამინისტროში სიახლეა _ სამინისტროს ცხელი ხაზის ახალი ნომერი აქვს, ექვს-ნიშნა ნომრის ნაცვლად, მოქალაქეებს შეუძლიათ მარტივად დასამახსოვრებელ და ადვილად ასაკრეფ ნომერზე _ 0008 დარეკონ და მათთვის საინტერესო ინფორმაცია მიიღონ. ამავე ნომრიდან შესაძლებელია დაუკავშირდეთ სამინისტროში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს, ასევე გენერალურ ინსპექციასა და მთავარ პროკურატურას, რომელთაც დამოუკიდებელი ცხელი ხაზის ნომრებიც გააჩნიათ. იუსტიციის სამინისტროს მომსახურების შესახებ ინფორმაციის მიღების გარდა, მოქალაქეებს შესაძლებლობა აქვთ ცხელი ხაზის მეშვეობით გენერალურ ინსპექციას თავად მიაწოდონ ინფორმაცია სამინისტროს თანამშრომლების მიერ ჩადენილ კანონდარღვევებზე.
სამ დღიან ტრეინინგზე ძირითადი ყურადღება გამახვილდება სატელეფონო მომსახურების მთავარ წესებზე, მოქალაქეებთან ურთიერთობის სტანდარტებსა და კრიტიკულ სიტუაციაში მოქმედების თავისებურებებზე. ტრეინინგი ინტერაქტიულია და ოპერატორები მონაწილეობას მიიღებენ სხვადასხვა ტიპის პრაქტიკულ სავარჯიშოებსა და თამაშებში.