მოძრაობა "სამართლიანი საქართველოსთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა შოთა ბურჯანაძემ ქუთაისის ოფისში პრესკონფერენცია გამართა და ჟურნალისტებს ტრანსპორტის სფეროში არსებული პრობლემები გააცნო.
შოთა ბურჯანაძის თქმით, ქუთაისის მოსახლეობა უკმაყოფილებას გამოთქვამს იმის გამო, რომ საღამოს 20:00 საათის შემდეგ, ქალაქში არანაირი სატრანსპორტო საშუალება აღარ მუშაობს და ისედაც "მიძინებულ" ქალაქში ცხოვრება საერთოდ ჩერდება. ოპოზიციური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის განცხადებით,. ხელისუფლება ამ პრობლემის გადაჭრას ვერ ახერხებს და საკითხის მოგვარების არანაირი პროექტი არ გააჩნია.
პრესკონფერენციაზე შოთა ბურჯანაძე ასევე შეეხო ქალაქის ხელმძღვანელობის მიერ შემუშავებულ ახალ სქემას, რომლის მიხედვითაც, ქუთაისში სამარშუტო ტაქსები ავტობუსებმა უნდა ჩაანაცვლოს. ბურჯანაძე მიიჩნევს, რომ ავტობუსით იმგზავრებს თუ სამარშრუტო ტაქსით, ეს ხალხმა უნდა გადაწყვიტოს არა რომელიმე ჩინოვნიკმა.