"აფხაზეთი მზადაა 26 აგვისტოს რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნების ჩასატარებლად", - ამის შესახებ აფხაზეთის სეპარატისტული რეჟიმის ე.წ. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელმა ბატალ ტაბაღუამ განაცხადა.
მისი თქმით, 35 საარჩევნო ოლქში 172 საარჩევნო უბანი გაიხსნება.
აფხაზეთის ე.წ. საპარეზიდენტო არჩევნების დღე, 26 აგვისტო, სეპარატისტთა გადაწყვეტილებით, არასამუშაო დღედ გამოცხადდა.
შეგახსენებთ, რომ აფხაზეთის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები 26 აგვისტოს გაიმართება. ე.წ. "პრეზიდენტის პოსტის" დასაკავებლად ერთმანეთს აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებელი ალექსანდრე ანქვაბი, ე.წ. პრემიერ-მინისტრი სერგეი შამბა და ოპოზიციონერი, ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი რაულ ხარჯიმბა დაუპირისპირდებიან. აფხაზეთში რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნა მას შემდეგ გახდა აუცილებელი, რაც ავადმყოფობის შემდეგ სეპარატისტთა ლიდერი სერგეი ბაღაფში გარდაიცვალა.