ყვარელში გრემის ახლადრეაბილიტირებული სამონასტრო კომპლექსი 28 აგვისტოს, მარიამობის დღესასწაულზე გაიხსნება. კომპლექსს კახეთის გუბერნატორი გიორგი ღვინიაშვილი გახსნის.
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ გრემის სამონასტრო კომპლექსის რეაბილიტაცია 2011 წლის მაისში დაიწყო. რესტავრაცია ჩაუტარდა გრემის მთავარანგელოზის სახელობის XVI საუკუნის ეკლესიას და გრემის ნაქალაქარში შემავალ სხვა არქიტექტურულ ძეგლებს. აშენდა დამატებითი ნაგებობები და მოეწყო ტურისტული ინფრასტრუქტურა, ციხე-ეკლესიასთან მისასვლელი ქვის ბუნებრივი საფეხურები და დასასვენებელი ბაქნები. რეაბილიტაცია ჩაუტარდა გალავანს, მარანს, ისტორიულ სავაჭრო ქულბაქებს, კარიბჭე-გალავანს, მამათა მონასტერსა და დიდებულთა უბანს. აშენდა ბერების კელიები, კაფე და მუზეუმი. გაიწმინდა XVI-XVII საუკუნეების აბანო, რომელიც აქამდე მიწით იყო დაფარული.
როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს ყვარლის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ლევან გამსახურდიამ განუცხადა, სარეაბილიტაციო სამუშაოებზე მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა.