აფხაზეთის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს უკრაინული საერთაშორისო ორგანიზაციის, დემოკრატიული პროცესების მონიტორინგის ცენტრ "კვორუმის" (СIS-EMO) წარმომადგენლები დააკვირდებიან.
სეპარატისტების მტკიცებით, ცენტრის წარმომადგენლები უკვე აფხაზეთში იმყოფებიან და წინასაარჩევნო პროცესს ადევნებენ თვალყურს.
ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიების შემადგენლობაში ელოდებიან პოლიტიკოსებს, ჟურნალისტებს, საზოგადო მოღვაწეებს ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან, ასევე ისრაელიდან, დსთ-ის ქვეყნებიდან.
აფხაზური მხარის ინფორმაციით, არჩევნებზე საერთაშორისო დამკვირვებლის სტატუსით დასწრებაზე 18 ქვეყნიდან 80-მდე წარმომადგენელმა განაცხადა თანხმობა.
სეპარატისტები ავრცელებენ ინფორმაციას, რომ ქართული მხარე ყოველმხრივ უშლის ხელს აფხაზეთში საერთაშორისო დამკვირვებლების ჩასვლას.
შეგახსენებთ, რომ აფხაზეთის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები 26 აგვისტოს გაიმართება. ე.წ. "პრეზიდენტის პოსტის" დასაკავებლად ერთმანეთს აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებელი ალექსანდრე ანქვაბი, ე.წ. პრემიერ-მინისტრი სერგეი შამბა და ოპოზიციონერი, ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი რაულ ხარჯიმბა დაუპირისპირდებიან. აფხაზეთში როგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნა მას შემდეგ გახდა აუცილებელი, რაც ხანმოკლე ავადმყოფობის შემდეგ სეპარატისტთა ლიდერი სერგეი ბაღაფში გარდაიცვალა.