რუსეთის სახელმწიფო დუმის დელეგაცია აფხაზეთის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების დააკვირდება. აღნიშნულთან დაკავშირებით დუმის დელეგაცია აფხაზეთში უკვე გაემგზავრა, რომლის ხელმძღვანელიც ფრაქცია "ედინაია როსიას" პირველი მოადგილე ვლადიმირ პეხტინია.
ამასთან, აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე "არჩევნებს" რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს საერთაშორისო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე კონსტანტინ კოსაჩოვი, სარეგლამენტო საკითხთა კომიტეტის ხელმძღვანელი ოთარ არშბა, დსთ-ს საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ალექსეი ოსტროვსკი და დეპუტატები ვერა ლეკაპევა და ოლეგ კულიკოვი დააკვირდებიან.
პეხტინის თქმით, რუსი პარლამენტარები უბნებზე მონიტორინგს განახორცილებენ, რომ არჩევნები "შიდა და საერთაშორისო კანონმდებლობის ნორმების ფარგლებში ჩატარდეს".
შეგახსენებთ, რომ აფხაზეთის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები ხვალ, 26 აგვისტოს გაიმართება, სადაც "საპრეზიდენტო პოსტის" დასაკავებლად ერთმანეთს აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებელი ალექსანდრე ანქვაბი, ე.წ. პრემიერ-მინისტრი სერგეი შამბა და ოპოზიციონერი რაულ ხარჯიმბა დაუპირისპირდებიან.