დღეს, 25 აგვისტოს, ბათუმის ახალ საოპერო თეატრში, ფესტივალი "ღამის სერენადები" გაიხსნება. წელს ფესტივალი "ღამის სერენადები" განსაკუთრებული პომპეზურობით აღინიშნება. მასში მონაწილეობას მიიღებს ცნობილი მევიოლინის, ლიანა ისაკაძის ინიციატივით შექმნილი ახალი უნიკალური ორკესტრი "ფეისბუკის მეგობრები", რომლის შემადგენლობაშიც მსოფლიოში აღიარებული მუსიკოსები არიან. "ფეისბუკის მეგობრების" პრეზენტაცია სწორედ დღეს გაიმართება.
26 აგვისტოდან კი ფესტივალი გონიოს ციხესიმაგრეში გადაინაცვლებს და 3 დაუვიწყარ საღამოს შესთავაზებს მსმენელს.
"მუსიკოსები ხუმრობენ" - ასე ეწოდება ისაკაძის კიდევ ერთ პროექტს, რომელიც "ღამის სერენადებში" განსაკუთრებულ ადგილს დაიკავებს, რადგან თითოეული მუსიკოსის ხუმრობით აღქმული ესა თუ ის პოპულარული მუსიკალური თემა განსაკუთრებით საინტერესო იქნება მსმენელისთვის. სპეციალურად ამ პროექტისთვის გერმანიიდან ჩამოდის ცნობილი ქართველი მსახიობი რეზო ჩხიკვიშვილი.
ლიანა ისაკაძესთან ერთად, პრესკონფერენციას პატრიარქის ფონდის თავმჯდომარე ლაშა ჟვანია, ბათუმის მერიის კულტურის სამსახურის უფროსის მოადგილე ნათია სურგულაძე, საქართველოს კულტურის სამინისტროს წარმომადგენელი, კონცერტ "ღამის სერენადების" გენერალური სპონსორის - ბანკ "რეპუბლიკის" - გენერალური დირექტორი კრისტიან კარმანიოლი წარუძღვებიან.
ფესტივალი "ღამის სერენადები" საქართველოს პრეზიდენტის პატრონაჟით ხორცილედება. მხარდამჭერები არიან საქართველოს კულტურის სამინისტრო, ქ. ბათუმის მერია, ქ. ბათუმის კულტურის სამინისტრო და პატრიარქის ფონდი.
ფესტივალის გენერალური სპონსორი არიან ბანკი "რესპუბლიკა", სპონსორები: "სახლი ოპერსთან", საგამომცემლო სახლი "ტრიასი", ფესტივალის ორგანიზატორი - აკადემიური ხელოვნების განვითარების ცენტრი.
ფესტივალი "ღამის სერენადები" ლიანა ისაკაძემ 1982 წელს აფხაზეთში, ბიჭვინთაში დააარსა. 8 წლის განმავლობაში ეს ფესტივალი უდიდესი პოპულარობით სარგებლობდა როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ. შემდეგ ფესტივალმა აჭარაში გადაინაცვლა და უკვე მესამე წელიწადია, გონიოს ციხესიმაგრეში იმართება.