მიუნხენის "ბაიერნი" ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გავიდა. გერმანულმა კლუბმა ფლეი-ოფში "ციურიხი" დაამარცხა. პირველი შეხვედრა მიუნხენში გაიმართა და "ბაიერნმა" 2:0 მოიგო, გუშინ კი ციურიხში განმეორებითი მატჩი შედგა, რომლის გამარჯვებული კვლავ "ბაიერნი" გახდა. ერთადერთი გოლი შეხვედრის მე-7 წუთზე მარიო გომესმა გაიტანა.
ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ვერ გავიდა ჰაიფას "მაკაბი", რომელშიც საქართველოს ნაკრების თავდასხმელი ვლადიმერ დვალიშვილი თამაშობს ჰაიფელები პენალტების სერიაში "გენკთან" დამარცხდნენ. ორივე შეხვედრა ერთნაირი ანგარიშით, 2:1 დამთავრდა. პირველ შეხვედრაში "მაკაბიმ" საკუთარ მოედანზე გაიმარჯვა აღნიშნული ანგარიშით, გუშინ კი სტუმრად დამარცხდა 2:1. პენალტების სერიაში უფრო ძლიერი "გენკი" აღმოჩნდა. ლადო დვალიშვილმა თერთმეტმეტრიანი ვერ გამოიყენა.
ჯგუფურ ეტაპზე გავიდა "ვილიარეალიც". ესპანურმა გუნდა "ოდენსე" მათთვის სასურველი ანგარიშით 3:0 დაამარცხეს. ორი გოლი როსიმ გაიტანა, ერთი კი მარჩენამ. პირველი შეხვედრა დანიაში "ოდენსემ" 1:0 მოიგო.
ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ითამაშებენ "აპოელიც" და ზაგრების "დინამოც". "აპოელმა" კრაკოვის "ვისლა" გააგდო ფლეი-ოფიდან, ხოლო "დინამომ" "მალმიო".
დღეს ფლეი-ოფის დანარჩენი შეხვედრები გაიმართება. ერთმანეთს შემდეგი გუნდები დაუპირისპირდებიან: "რუბინი" - "ლიონი" (პირველი შეხვედრა 1:3 დამთავრდა), "ბენფიკა" - "ტვენტე" (2:2), "პლზენი" - "კოპენჰაგენი" (3:1), "შტურმი" - "ბატე" (1:1) და "უდინეზე" - "არსენალი" (0:1).