საქართველოს ეროვნულმა საკალათბურთო ნაკრებმა ლატვიის ეროვნული ნაკრები სტუმრად 83:79 დაამარცხა. შეხვედრა ლატვიის დედაქალაქ რიგაში, "არენა რიგის" საკალათბურთო დარბაზში ჩატარდა და მას 2 200 მაყურებელი დაესწრო. საქართველოს ნაკრებში ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი ჩაატარა გუნდის კაპიტანმა ზაზა ფაჩულიამ. მთელი მატჩის განმავლობაში მისი შეჩერება ვერ მოხერხდა, რაც საბოლოოდ მის შედეგიანობასა და საბოლოო ანგარიშზე აისახა. ფაჩულიამ 29 წუთში, 42 ქულა და 6 მოხსნა მოაგროვა. კარგად ითამაშა მანუჩარ მარკოიშვილმაც. მან 27 წუთში 13 ქულა და 5 მოხსნა მოაგროვა. ლატვიელთა მხრიდან კი ბლუმსი გამოირჩა, რომელმაც 30 წუთში 25 ქულა ჩააგდო.
რაც შეეხება მატჩის მიმდინარეობას. პირველი ტაიმის შემდეგ საქართველო მასპინძლებთან გამანადგურებელი ანგარიშით, 44:34 მარცხდებოდა. თუმცა მეორე ნახევრის დაწყებისთანავე ბრწყინვალედ თამაშობდა საქართველოს ნაკრების დაცვა და ზაზა ფაჩულია. მესამე პერიოდში ქართველებმა მეტოქესთან სხვაობა 6 ქულამდე დაიყვანეს. ბოლო პერიოდი კი 8-ქულიანი უპირატესობით მოიგეს და საბოლოო ანგარიშიც "ჯვაროსნების" სასარგებლოდ დაფიქსირდა.
ეს მატჩი ევროპის 2011 წლის ჩემპიონატის მოსამზადებელი ეტაპის ფარგლებში გაიმართა. შეგახსენებთ, რომ ჩემპიონატი 31 აგვისტოს ლიტვაში აიღებს სტარტს. საქართველოს ჯგუფში დაპირისპირება სლოვენიასთან, რუსეთთან, ბულგარეთთან და უკრაინასთან მოუწევს.