ბაქოს "ინტერის" ქართველი ფეხბურთელები და მთავარი მწვრთნელი სკანდალში ეხვევიან.
საფეხბურთო კლუბების, "ინტერისა" და "ბაკის" თამაშის ბოლოს სიტუაცია მსაჯის გადაწყვეტილებამ დაძაბა. თამაშის არბიტრმა "ინტერის" კარში პენალტი დანიშნა და გუნდის ქართველი მეკარე გიორგი ლომაია მოედნიდან გააძევა.
აღნიშნულს სტადიონსა და სათადარიგოთა სკამებზე მსხდომებს შორის შეხლა-შემოხლა მოჰყვა, რომელშიც ქართველი ფეხბურთელები და "ინტერის" მთავარი მწვრთნელი კახა ცხადაძეც მონაწილეობდნენ. ქართველმა ფეხბურთელებმა მოედანი პროტესტის ნიშნად დატოვეს და მატჩიც ჩაიშალა.
საფეხბურთო ინციდენტის შესახებ აზერბაიჯანის სადისციპლინო კომიტეტი იმსჯელებს. არ არის გამორიცხული, კლუბები თამაშის ჩაშლისთვის 10 ათასი მანათით დააჯარიმონ. გარდა ამისა, სასჯელი კახა ცხადაძესა და გიორგი ლომაიასაც დაეკისრება.