თელავში, აგრარულ ბაზართან გარე მოვაჭრეებს საპატრულო პოლიციამ გარე ვაჭრობა აუკრძალა. "დღეს დილით საპატრულო პოლიცია მოვიდა და დაგვემუქრა, თუ სასწრაფოდ ვაჭრობას თავს არ დაანებებთ, საახალწლოდ 200 ლარიან "საჩუქარს", ჯარიმას მიიღებთო" - განაცხადა კახეთის საინფორმაციო ცენრთან საუბრისას გარე მოვაჭრე ნუნუ გაბრიელოვმა.
აგრარულ ბაზართან გარე მოვაჭრე 70-მდე ადამიანმა დახმარებისთვის ახალ მემარჯვენეებს მიმართა. "ახალი მემარჯვენეების" თელავის რაიონული ოფისის თავმჯდომარის ნიკა ვარდოშვილის თქმით, ხელისუფლება ხალხს საახალწლოდ სახლში 2 კანფეტის მიტანის საშუალებასაც არ აძლევს.
გარე მოვაჭრეებმა თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოსთან გადაინაცვლეს. თავდაპირველად პოლიცია მათ შენობაში არ უშვებდა, მოგვიანებით კი გარე მოვაჭრეებთან თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ახალაური ჩამოვიდა.
"კანონის მიხედვით მთელს საქართველოში გარე ვაჭრობა აკრძალულია. თუმცა, საახალწლოდ მხოლოდ ციტრუსის გაყიდვის უფლებას გაძლევთ" - განაცხადა ახალაურმა და გარე მოვაჭრეებს ბაზარში ვაჭრობისკენ მოუწოდა.