სს "საქფეთქმრეწვი"-ს ტექნიკურ დირექტორს ავთანდილ დარსაველიძეს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა.
სასამართლო პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში რამდენიმე წუთის წინ დასრულდა.
დარსაველიძე ქუთაისში, 19 დეკემბერს მომხდარი ტრაგედიის გამო გუშინ დააკავეს. პროკურატურის ინფორმაციით, სადემონტაჟო სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესების დაცვაზე უშუალოდ დაკავებული იყო პასუხისმგებელი, რაც მის მიერ არ იქნა შესრულებული. კერძოდ, უხეშად დაირღვა კანონით დადგენილი ნორმატივები, რომლითაც რეგულირდება ასეთი ტიპის სამუშაოებისას უსაფრთხოების წესები.
ავთანდილ დარსაველიძეს წინასწარი პატიმრობა სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული ქმედების შესაბამისად შეუფარდეს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას თავისუფლების 2-დან 5 წლამდე აღკვეთა ემუქრება.