დღეს, 12 აგვისტოს, ეკლესია ცოტნე დადიანის ხსენების დღეს აღნიშნავს.
დიდგვაროვანი ფეოდალი ცოტნე დადიანი უმეფობის ხანაში მონღოლებმა რაჭის ერისთავთან ერთად დასავლეთ საქართველოს გამგებლად დანიშნეს. მონაწილეობდა კოხტათავის შეთქმულებაში (დაახლოებით 1245 წელს), რომლის მიზანი იყო მონღოლების წინააღმდეგ აჯანყების მოწყობა. მონღოლებმა შეთქმულების შესახებ შეიტყვეს, მონაწილეები დააპატიმრეს და ანისში თავიანთ ნოინს მიჰგვარეს. ქართველები ყველაფერს უარყოფდნენ. გამოტეხის მიზნით, მათ თაფლი წაუსვეს და მცხუნვარე მზის ქვეშ დასვეს. ცოტნე დადიანი შემთხვევით გადაურჩა დაპატიმრებას (აჯანყებისთვის ჯარს აგროვებდა). ქართველი ისტორიკოსის, ჟამთააღმწერლის ცნობით, როდესაც დადიანმა შეთქმულების მონაწილეთა ამბავი გაიგო, ანისში ჩავიდა და ნებაყოფლობით გაიზიარა თანამებრძოლების ხვედრი - ტანზე გაიხადა და მეგობრებთან დაჯდა. ცოტნე დადიანის გმირულმა საქციელმა მონღოლები დაარწმუნა ქართველების ნათქვამში, რომ ისინი აჯანყების მოსაწყობად კი არ შეიკრიბნენ, არამედ სათათბიროდ, რათა შეწერილი ხარკის აკრეფის საკითხი გადაეწყვიტათ. მონღოლებმა ქართველი პატიმრები გაუშვეს და თავდებად ცოტნე დაუყენეს.
ცოტნე დადიანი ქართული პოლიტიკური აზრისთვის საქართველოს პროგრესული ძალების კონსოლიდაციის, შთამომავლობისთვის კი ეროვნული თავისუფლებისა და ეროვნულ ძალთა შეკავშირების სიმბოლოა. სწორედ ამიტომ, 1999 წლის 26 ოქტომბერს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდმა იგი წმინდანად შერაცხა. ცოტნე დადიანი მშობლებთან ერთად ხობის ეკლესიის უძველეს ფრესკაზეა გამოსახული.