21 დეკემბერს, ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში გასტროლებს გამართავს ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი.
ფოთის თეატრი ბათუმში წარმოადგენს ცნობილი ავსტრიელი დრამატურგის პიტერ ტურინის პიესას "ვირთხებზე ნადირობა".
სპექტაკლის რეჟისორია რალფ ზიბელტი (გერმანია), სცენოგრაფია ეკუთვნის მაქს ჯულიან ოტტოს (გერმანია). პიესის ქართული ადაპტაციის ავტორია ცნობილი თეატრმცოდნე და კულტურის ექსპერტი ლევან ხეთაგური.
სპექტაკლში ორი მსახიობი ჯანო იზორია და მარიკა ბუკია მონაწილეობს.
პროექტი განხორციელდა გოეთეს ინსტიტუტისა და საქართველოს რეგიონალური თეატრების ქსელის (GRTN) მხარდაჭერითა და თანამშრომლობით. ფოთის თეატრის ისტორიაში ეს არის პირველი საერთაშორისო პროექტი, ხოლო ქართულ თეატრში კი თითქმის უპრეცედენტო იშვიათი ფაქტი, როცა რეგიონის თეატრში სპექტაკლს დგამს უცხოელი რეჟისორი. ტურინი ქართულად პირველად ფოთის თეატრის სცენაზე აჟღერდა და ზედმიწევნით ქართულად, თანაც ისე, რომ არ დაკარგულიყო ავტორისეული სასაუბრო სტილისტიკა და დიალოგის ტურინისეული მანერა.