ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პროპაგანდის მიზნით ახალგაზრდა "ქრისტიან დემოკრატების" ორგანიზებით ქობულეთში მორიგი სპორტული ღონისძიება მინი ფეხბურთში გაიმართა.
ტურნირი 4 აგვისტოს დაიწყო და 6 დღის განმავლობაში მომდინარეობდა. მასში 12 გუნდი ღებულობდა მონაწილეობას. საპრიზო ადგილებზე გასული გუნდები თასებითა და მედლებით "ქრისტიან დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერმა გიორგი თარგამაძემ დააჯილდოვა. ტურნირის მიმდინარეობისას ასევე გამოვლინდნენ საუკეთესო მეკარისა და საუკეთესო ფეხბურთელის ტიტულოვანი მოთამაშეები. ახალგაზრდა ქრისტიან დემოკრატები სამომავლოდ მსგავსი ჩემპიონატების ჩატარებას სპორტის სხვადასხვა სახეობებში კვლავ გეგმავენ.
"ჩვენი პარტიის ახალგაზრული ორგანიზაციის მხარდაჭერითა და ძალისხმევით სპორტული ღონისძიებები საქართველოს თითქმის ყველა ქალაქში გაიმართა. რაც მისასალმებელია, რადგანაც იგი ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას უწყობს ხელს. ეს არ იქნება ერთჯერადი ხასიათის და მომავალში, ახალგაზრდების ინტერესების შესაბამისად, სპორტულ შეჯიბრებებს სხვა სახეობებშიც გავმართავთ." - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას გიორგი თარგამაძემ.