საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ პოლონეთთან ამხანაგური მატჩისთვის 20-კაციანი შემადგენლობა დაასახელა.
ეროვნულ ნაკრებში გამოძახება პირველად მიიღო უკრაინის პრემიერლიგის "ოლექსანდრიაში" მოთამაშე დავით თარგამაძემ.
ასევე პოლონეთში მოსალოდნელია რუსთაველი ირაკლი მაისურაძის დებიუტიც, რომელიც ქეცბაიას ხორვატიასთან გასვლით შეხვედრისთვის მოსამზადებლადაც ჰყავდა გამოძახებული, თუმცა მაშინ განაცხადში ვერ მოხვდა. გამოძახებული არ არის ზურაბ ხიზანიშვილი, რომელიც "კაისერისფორის" შემადგენლობაში ჩატარებული ამხანაგური მატჩისას დაშავდა.
პოლონეთი-საქართველოს მატჩი ქალაქ ლუბლინში 10 აგვისტოს გაიმართება. აღნიშნული მატჩისთვის ქეცბაია გუნდის თბილისში შეკრებას არ გეგმავს. ნაკრების ფეხბურთელები 8 აგვისტოს პოლონეთში ჩავლენ და ადგილზე მოემზადებიან.