კოპენჰაგენში კლიმატის ცვლილების კონფერენციაზე შეთანხმების მიღწევის ერთ-ერთი მთავარი დამაბრკოლებელი ფაქტორია მხარე ქვეყნების სუსტი ვალდებულებები, რომელიც უკავშირდება სათბური გაზების გაფრქვევის შემცირებას. საშუალოდ, 2020 წლისთვის დაპირებული შემცირებები 1990 წელთან შედარებით 12-16% შეადგენს.
ევროკავშირმა მოუწოდა სათბური გაზების მთავარ ემიტენტ ქვეყნებს - ჩინეთს და ამერიკას - აიღონ უფრო მკაცრი ვალდებულებები გაფრქვევების შესამცირებლად.
„ამ ორ ქვეყანაზე მოდის მსოფლიოში გაფრქვევების ნახევარი." - განაცხადა შვეციის გარემოს დაცვის მინისტრმა ანდრეას კარლგრენმა.
პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ კი აღნიშნა, რომ შესაძლებელია 2020 წლისათვის გაფრქვევების შემცირება დაახლოებით 4%-ით 1990 წელთან შედარებით. აშშ-ს დელეგაციის ხელმძღვანელმა ტოდ სტერნმა განაცხადა, რომ ეს ციფრი არ შეიცვლება.
ჩინეთის დელეგაციის ხელმძღვანელის იუ ცინტაის თქმით, კი პეკინი საერთოდ არ აპირებს კოპენჰგენში განიხილოს თავისი მიზნები სათბური გაზების გარემოში გაშვების შემცირებასთან დაკავშირებით.
დანიის პრემიერ-მინისტრმა ლარს ლეკე რასმუსენმა პრეს-კონფერენციაზე განაცხადა: „დარწმუნებული არ ვარ, რომ კოპენჰაგენში რაიმე შეთანხმება მიიღწევა". მან გამოთქვა იმედი, რომ სახელმწიფო მეთაურების და ხელისუფლების წარმომადგენლების ჩამოსვლა მოლაპარაკებებს დამატებით დინამიურობას შესძენს". კონფერენციის კულუარებში ამტკიცებენ რომ დანიის კაბინეტის მეთაური თავის თავზე აიღებს კონფერენციის თავმჯდომარეობას.