სეპარატისტული აფხაზეთის ე.წ. საპრეზიდენტო კანდიდატებმა - ამჟამად ე.წ. პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ალექსანდრე ანქვაბმა, პარტია "ფორუმ ნაროდნოგო ედინსტვა" -ს ლიდერმა ოპოზიციონერმა რაულ ხაჯიმბამ და ე.წ. პრემიერ-მინისტრმა სერგეი შამბამ აფხაზური ენის გამოცდა წარმატებით ჩააბარეს. ინფორმაციას ამის შესახებ აფხაზური მედია ავრცელებს.
მათთან გასაუბრებას ლინგვისტური კომისია აწარმოებდა, რომელიც შვიდი წევრისაგან შედგება და რომელსაც ალექსეი კასლანდია ხელმძღვანელობს.
"თითოეულმა კანდიდატმა ხმამაღლა წაიკითხა აფხაზურ ენაზე დაწერილი ტექსტი, შემდეგ მოყვა იგი და სხვა და სხვა თემებზე დასმულ მრავალ კითხვას გასცა პასუხი.
ალექსეი კასლანდიას თქმით, ლინგვისტურ კომისიას აქვს უფლება საკუთარი წესები დაადგინოს. "თუ პრეზიდენტობის კანდიდატს შეუძლია თავისუფლად წაიკითხოს ტექსტი, გადმოსცეს მისი შინაარსი თავისი სიტყვებით, ისაუბროს თავისუფალ თემაზე და მშობლიურ ენაზე გასცეს პასუხი დასმულ კითხვებს - ეს სრულიად საკმარისია იმისათვის, რომ მისი ცოდნა შეფასდეს", _ განაცხადა ალექსეი კასლანდიამ და აღნიშნა, რომ "როდესაც დგება საკითხი, იმის შესახებ საჭიროა თუ არა ეს გამოცდა პრეზიდენტობის კანდიდატებისათვის მე აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ეს პრპცედურა, რომ არ არსებობდეს, მშობლიური ენა არავის ეცოდინება. ხოლო უხელმძღვანელო აფხაზეთს ისე, რომ ენა არ იცოდე არ შეიძლება", _ განაცხადა კასლანდიამ.