"ჟენევის მოლაპარაკებათა ფორმატი წინ წაწევის საშუალებასა და რეგიონში მშვიდობის გამყარების საშუალებას გვაძლევს", - ეს განცხადება ცხინვალში მყოფმა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებათა თანათავმჯდომარე ევროკავშირის მხრიდან პიერ მორელმა გააკეთა.
"სირთულეები არის, მაგრამ ამავე დროს ჩვენ წინ მივიწევთ. ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების ჯგუფის მუშაობა კი ყველა მხარის კეთილდღეობისკენაა მიმართული და მიგვაჩნია, რომ ის შეიძლება უკეთესიც გახდეს", _ აცხადებს ევროკავშირის წარმომადგენელი.
მისივე თქმით, წარსულში, სიტუაციის გაუმჯობესებისათვის ცოტა შესაძლებლობა როდი იქნა გაშვებული ხელიდან.
"არ შეიძლება ხელიდან გაშვება უმცირესი შესაძლებლობისაც კი. ამის რწმენა კი ახლა კიდევ უფრო დიდია ვიდრე ჟენევის მოლაპარაკებათა დასაწყისში, სამი წლის წინ", _ აცხადებს მორელი.
შეგახსენებთ, რომ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებათა მორიგი რაუნდი მიმდინარე წლის 4 ოქტომბერს უნდა გაიმართოს.