ოს სეპარატისტთა ლიდერმა ედუარდ კოკოითმა დღეს ცხინვალში ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებათა თანათავმჯდომარეებთან შეხვედრისას კვლავ საქართველოსთან ძალის გამოუყენებლობის შეთანხმების გაფორმება მოითხოვა. მისივე განმარტებით, ამის მიზეზი "საქართველოს ხელისუფლების რევანშისტული განწყობილებებია". ინფორმაციას ამის შესახებ ე.წ. სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტი ავრცელებს.
"შეშფოთებულნი ვართ საქართველოს აგრესიულობით და რევანშისტული განცხადებებით რომლებიც სულ უფრო და უფრო ხშირად ისმის. საქართველოს პრეზიდენტის არაერთი მშვიდობისმოყვარე განცხადების მიუხედავად ევროპული ტრიბუნებიდან, რამდენიმე ხნის შემდეგ ჩვენ კვკავ გვესმის უკვე სხვა სიტყვები "დაკარგული ტერიტორიების დაბრუნებისა" და "ახალი წლის აფხაზეთში შეხვედრის" შესახებ. ყოველუვე ეს განცხადებების არასტაბილურობაზე მეტყველებს და ამიტომაც საერთაშორისო გარანტიებით ხელშეკრულების ხელის მოწერა თავდაუსხმელობის შესახებ აუცილებელია",_ აცხადებს ედუარდ კოკოითი.