სეპარატისტული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტი 26 აგვისტოს დაგეგმილ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით დამკვირვებლებისთვის მოსაწვევების გაგზავნას განაგრძობს. აფხაზური მედიის ინფორმაციით, ამჯერად ე.წ. პარლამენტმა არჩევნების მონიტორინგისთვის საერთაშორისო დამკვირვებლები დაპატიჟა და მათ სპეციალური მოსაწვევებიც გაუგზავნა.
აფხაზური ე.წ. პარლამენტის მიერ მოსაწვევები გაგზავნილია: უზბეკეთის სენატის თავმჯდომარისა და საკანონმდებლო პალატის სპიკერისათვის, ტაჯიკეთის მილი მეჯლისის თავმჯდომარისათვის, ესტონეთის პარლამენტის თავმჯდომარისათვის, ნიკარაგუას ნაციონალური ასამბლეის პრეზიდენტისათვის, თურქეთის ნაციონალური საკრებულოს სპიკერისათვის, ლატვიის სეიმის თავმჯდომარისა და ლიტვის სეიმის თავმჯდომარისათვის.
როგორც ცნობილია, სეპარატისტებს მოსაწვევები აქამდე გაგზავნილი ჰქონდათ: რუსეთისა და ბელორუსის საპარლამენტო საკრებულოს თავმჯდომარე ბორის გრიზლოვისთვის, სომხეთის პარლამენტის თავმჯდომარე ოვიკ აბრამიანისათვის, აზერბაიჯანის მილი მეჯლისის თავმჯდომარე ოკტაი ასადოვისათვის, ბელორუსის ნაციონალური საკრებულოს თავმჯდომარე ანატოლი რუბინოვისათვის და წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარე ვლადიმერ ანდრეიჩენკოსათვის. ასევე უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარისათვის, ყირგიზეთის პრეზიდენტისათვის და ყაზახეთის პარლამენტის თავმჯდომარისათვის.