დღეიდან ბათუმი რიგით მეხუთე, "ბლექ სი ჯაზ ფესტივალს" (Black Sea Jazz Festival) მასპინძლობს. როგორც სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენს" ფესტივალის ორგანიზატორ, კომპანია ისთერნ პრომოუშენში განუცხადეს ფესტივალი დღეს 12 სфათზე მოძრავმა ბენდმა გახსნა, ხოლო უშუალოდ კონცერტი 18:00 საათზე დაიწყება.
"წლევანდელი ფესტივალი შარშანდელთან შედარებით უფრო მასშტაბურია. Black Sea Jazz Festival-ში დაახლოებით 200-მდე შემსრულებელი მონაწილეობს, რომელიც ოთხ სხვადასხვა წერტილში გაიმართება და მთელს ბათუმს მოიცავს. ფესტივალი დღეს 12:00 საათზე მოძრავი ბენდით დაიწყო, რომელიც მთელი ქალაქის მასშტაბით უკრავს მელოდიებს. 18:00 საათიდან კი უშუალოდ კონცერტები დაიწყება. მთელი დღის განმავლობაში ფესტივალს დაახლოებით 4 ათასამდე მსმენელი დაესწრება"- განუცხადეს "ჯი-ეიჩ-ენს" "ისთერნ პრომოუშენში".
ფესტივალის ორგანიზატორები განმარტავენ, რომ Black Sea Jazz Festival-ის ძირითადი ნაწილი 21 ივლისიდან იწყება და 24 ივლისს მეისი გრეი დახურავს.
წლევანდელ ფესტივალს სტუმრობენ სთენლი ჯორდანი - ვირტუოზი გიტარისტი, თავის ტრიოსთან ერთად. "იელოუჯექეთსი" - ლეგენდარული ჯგუფი, რომელიც წელს თავის მსოფლიო ტურით აღნიშნავს დაარსების საიუბილეო 30 წლისთავს. ლონდონ ქომუნითი გოსპელის გუნდი, პირველად საქართველოში გოსპელის სტილი - პოპის მეგავარსკვლავი მეისი გრეი, ორი გრემის და ორი ემტივის მუსიკალური ჯილდოს მფლობელი. დიჯეი ლოჯიქი, სპეციალურად ბლექ სი ჯაზ ფესტივალისთვის 3 დღის განმავლობაში მოაწყობს ჯემსეიშენებს. მენ ინ ბრას, სამი დღის განმავლობაში, დღეში 5-ჯერ კონცერტებს ბათუმის ქუჩებში გამართავს.
კონცერტები ჩატარდება ევროპის მოედანზე, პიაცაზე და ძველ ბულვარში (კოლონადებთან). წელს პირველად ფასიანი კონცერტების გარდა, ჩატარდება უფასო კონცერტებიც, რომელსაც სხვადასხვა ქვეყნის მუსიკოსები გამართავენ. საფესტივალო დღეებში იქნება სპეციალური ადგილები, სადაც გაიყიდება სხვადასხვა სუვენირი ფესტივალის ლოგოთი.