საქართველოს ნაკრებმა მსოფლიო ასპარეზობაზე გუნდური პირველობა მოიპოვა. აჭარის მთავრობის ინფორმაციით, ბათუმმა 16-17 ივლისს პლაჟის ჭიდაობაში მსოფლიოს მე-4 ჩემპიონატს უმასპინძლა. მასში 12 ქვეყნის 100 სპორტსმენი მონაწილეობდა. შეჯიბრება 4 წონით კატეგორიაში გაიმართა. მსოფლიო პირველობისთვის ვაჟებთან ერთად გოგონებიც იბრძოდნენ.
საქართველოს ნაკრების წევრები ორი დღის განმავლობაში იბრძოდნენ და 16 ოქროს მედლიდან 11 დაისაკუთრეს. მიღწეული შედეგით 11 ქვეყანას შორის მათ გუნდური გამარჯვება მოიპოვეს.
ასპარეზობას ფილას პრეზიდენტი, რაფაელ მარტინეტი, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი, ლადო ვარძელაშვილი, ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი კახა გეწაძე, ბათუმის მერი რობერტ ჩხაიძე და აჭარის მთავრობის წევრები ესწრებოდნენ.
მსოფლიო ჩემპიონატს პლაჟის ჭიდაობაში აჭარამ პირველად უმასპინძლა. შეჯიბრება აჭარის მთავრობისა და განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით ჩატარდა.