ქართულ მხარეს აფხაზეთის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებსა და მის შედეგებზე განსაკუთრებული მოლოდინი არ აქვს. ამის შესახებ დღეს, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ტრადიციულ ბრიფინგზე აფხაზეთის ე.წ. რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნებზე "კანდიდატების" განაცხადების მიღების დასრულების შეფასებისას აღნიშნა.
მისი თქმით, საერთაშორისო თანამეგობრობა აფხაზეთის მარიონეტული რეჟიმის საპრეზიდენტო არჩევნებს ლეგიტიმურად ვერ განიხილავს.
"იქიდან გამომდინარე, რომ აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე არჩევნები საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით მიმდინარეობს, ის არალეგიტიმურია და მისი შედეგებიც არალეგიტიმური იქნება, მით უმეტეს, რომ ეს არჩევნები ტარდება ოკუპაციის, საოკუპაციო რეჟიმის ზედამხედველობის პირობებში და მოსახლეობის უდიდეს ნაწილს მასში მონაწილეობის შესაძლებლობა არ აქვს. ამ არჩევნებს ლეგიტიმურად არა მხოლოდ ჩვენ, არამედ საერთაშორისო თანამეგობრობაც არ განიხილავს და მის შედეგებს ვერ აღიარებს", - აცხადებს კალანდაძემ.
შეგახსენებთ, რომ აფხაზეთში ე.წ. პრეზიდენტობის კანდიდატთა რეგისტრაცია გუშინ დასრულდა, ხოლო ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები 26 აგვისტოს გაიმართება.