ხვალ, 18 დეკემბერს, 16:00 საათზე, ადვოკატები მერაბ ჩიქოვანი და გაგი მოსიაშვილი მთავარ პროკურატურაში შეიტანენ განცხადებას პროექტ "ვარსკვლავების აკადემიის" მიმდინარეობის დროს, სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი2"-ის შენობის ნგრევის ფაქტზე წინასწარი გამოძიების დაწყების მოთხოვნით.
მერაბ ჩიქოვანი და გაგი მოსიაშვილი აღნიშნული შენობის ნგრევის შედეგად გარდაცვლილი ნიკა გელაშვილის ოჯახის ინტერესებს იცავენ. დაზარალებული მხარე მიიჩნევს, რომ 26 აპრილს აღძრულ სისხლის სამართლის საქმეზე ობიექტური გამოძიება არ ჩატარებულა და დამნაშავე პირები არ დასჯილან. აღნიშნულ საქმეზე საგამოძიებო სტრუქტურები, პროკურატურა და სასამართლო შეთანხმებულად მოქმედებდა, რათა არ ყოფილიყო გამოვლენილი ხელისუფლებაში მყოფი პირების, მათი ოჯახის წევრებისა და პრო-სახელისუფლებო კომპანიების "რუსთავი2"-ისა და "არტიქსის" დანაშაულებრივი ქმედებები.
დაზარალებული მხარე,ასევე,მიმართავს სახალხო დამცველს შეისწავლოს საქმე და მოახდინოს შესაბამისი რეაგირება.
განცხადებებს თან ერთვის სტუდია "მონიტორის" ჟურნალისტური საგამოძიებო ფილმი, რომელიც 16 დეკემბერს ფონდ "ღია საზოგადოება საქართველოს" ოფისში იქნა ნაჩვენები.