დღეს, 15 ივლისს, 20:00 საათზე, სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" გაიმართება საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრებისთვის "ნატახტარი კასრის" ბონუსის გადაცემის ოფიციალური ცერემონიალი. ღონისძიებას დაესწრებიან კომპანია "ნატახტარის", საქართველოს რაგბის კავშირისა და ქართული სპორტული მედიის წარმომადგენლები.
რაგბის კავშირის წარმომადგენლებს გადაეცემათ 50 ათასი აშშ დოლარის ოდენობის სპეციალური ჩეკი, ხოლო ჟურნალისტების წინაშე სიტყვით გამოვლენ და მათ კითხვებს უპასუხებენ თორნიკე ნიკოლაიშვილი - კომპანია "ნატახტარის" მარკეტინგის მენეჯერი; გიორგი ნიჟარაძე - საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტი; ირაკლი აბუსერიძე - საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრების კაპიტანი.
"ჩვენთვის ძალზე მნიშვნელოვანია იმ პროცესში მონაწილეობა, რასაც ქართული სპორტისა და კერძოდ, რაგბის საერთაშორისო წარმატება წარმოადგენს, რადგან ჩვენი კომპანია ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციას სწორედ ისეთი სპორტული სახეობების მხარდაჭერით ცდილობს, როგორიცაა რაგბი. მინდა ვუსურვო ჩვენს გუნდს წარმატება ახალ ზელანდიაში. იმედს გამოვთქვამთ, რომ ჩვენი ეს მოკრძალებული საჩუქარი დაეხმარება ბორჯღალოსნებს უკეთესი შედეგების მიღწევაში", - აცხადებს ნიკოლაიშვილი.