ვლადისლავ არძინბას ქვრივი, სვეტლანა ჯერგენია, რომელიც სეპარატისტულ აფხაზეთში დაგეგმილ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში რაულ ხაჯიმბასთან ერთად ე.წ. ვიცე-პრეზიდენტის კანდიდატის სტატუსით მონაწილეობს, აცხადებს, რომ აშფოთებს ისეთი გადაწყვეტილებების მიღების ტენდენციები, რომლებიც აფხაზეთის ე.წ. სუვერენიტეტის შეზღუდვას ემსახურება. ეს განცხადებები არძინბას ქვრივმა აფხაზურ გაზეთ "ნუჟნაიასთან" საუბარში გააკეთა.
ჯერგენია მადლობას უხდის რუსეთს აფხაზეთის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარებისთვის, თუმცა მოსკოვსა და სოხუმს შორის არსებულ ურთიერთობებს აკრიტიკებს.
"ძირითადად, ჯერგენიას კრიტიკა სამართლებრივ საკითხებს ეხება", _ წერს გაზეთი.
ჯერგენიას თქმით, რუსეთის წინადადება ძალთა გაერთიანების შესახებ აფხაზეთის ე.წ. საზღვრების დასაცავად განპირობებულია, "როგორც საზღვრის ერთობლივი დაცვის შესახებ ხელშეკრულებაშია ნათქვამი, საქართველოს რევანშისტული განწყობილებებით და იმით, რომ მომზადებული სასაზღვრო ჯარი არ გვყავს". თუმცა, ჯერგენიას თქმით, ამ დოკუმენტის რიგი მდგომარეობა მრავალ კითხვას ბადებს.
არძინბას ქვრივი აღნიშნავს, რომ მოსკოვსა და სოხუმს შორის 40 მდე ხელშეკრულებაა გაფორმებული, რომელთა შინაარსს ადამიანთა განსაზღვრული რაოდენობა იცნობს.
"მეტიც, ამ შეთანხმებათა უდიდესი ნაწილი რატიფიკაციას ერთი თვის განმავლობაში ექვემდებარება, მაგრამ გაუგებარ მიზეზთა გამო ეს არ ხდება. კრებას აქვს უფლება, იცოდეს, რა შეთანხმებებს აწერს ხელს აღმასრულებელი ხელისუფლება და ემუქრება თუ არა ეს შეთანხმებები აფხაზეთის სუვერენიტეტს", _ აცხადებს ჯერგენია.
კითხვაზე პასუხის გაცემისას, რატომ გადაწყვიტა მან არჩევნებში მონაწილეობა რაულ ხაჯიმბასთან ერთად და არა მისი ოჯახის ახლობელ სერგეი შამბასთან ერთად, ჯერგენიამ აღნიშნა, რომ "სწორედ ოპოზიცია რეაგირებდა სწორად და დროულად ქვეყანაში შექმნილ მრავალ კრიტიკულ სიტუაციაზე".