ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა განახლებულ კოდექსში სატრანსპორტო საშუალების მართვა ალკოჰოლური, ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული სიმთვრალის მდგომარეობაში, ანდა სატრანსპორტო საშუალების სამართავად გადაცემა ასეთ მდგომარეობაში მყოფი პირისათვის ახლებურად ყალიბდება.
პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტის თანახმად, სატრანსპორტო საშუალების მართვა ალკოჰოლური, ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული სიმთვრალის მდგომარეობაში, გამოიწვევს ჯარიმას 300 ლარის ოდენობით, ადმინისტრაციულ პატიმრობას ან/და მართვის უფლების ჩამორთმევას 1 წლის ვადით.
დღეს მოქმედი ნორმის თანახმად, კი ჯარიმის ოდენობა 200 ლარი იყო.
ამასთან, საკანონმდებლო ინიციატივაში წერია, რომ სატრანსპორტო საშუალების სამართავად გადაცემა წინასწარი შეცნობით ალკოჰოლური, ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული სიმთვრალის მდგომარეობაში მყოფი პირისათვის, გამოიწვევს ჯარიმას 300 ლარის ოდენობით ან/და მართვის უფლების ჩამორთმევას 1 წლის ვადით.
იმ შემთხვევაში კი თუ ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული სამართალდარღვევები, როდესაც სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის განმახორციელებელ პირს არ აქვს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება ან ეს უფლება ჩამორთმეული აქვს სხვა დარღვევებისათვის, გამოიწვევს სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის განმახორციელებელი პირის დაჯარიმებას 350 ლარის ოდენობით ან/და ადმინისტრაციულ პატიმრობას, ხოლო სატრანსპორტო საშუალების მფლობელის (მესაკუთრის) დაჯარიმებას 350 ლარის ოდენობით.
გარადა ამისა, ამ მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევები, რომლებსაც მოჰყვა სატრანსპორტო საშუალების, ტვირთის, გზის, საგზაო თუ სხვა ნაგებობის, აგრეთვე სხვა ქონების ან ადამიანის სხეულის მსუბუქი დაზიანება, გამოიწვევს ჯარიმას 500 ლარის ოდენობით, ადმინისტრაციულ პატიმრობას ან/და სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევას 2 წლის ვადით.
ხოლო თუ პირს აღნიშნული დარღევის დროს არ აქვს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება ან ეს უფლება ჩამორთმეული აქვს სხვა დარღვევებისათვის, გამოიწვევს ჯარიმას 1000 ლარის ოდენობით ან/და ადმინისტრაციულ პატიმრობას.