ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების ფაქტის შემსწავლელ კომისიას მუშაობის სამთვიანი ვადის ამოწურვის შემდეგ, ვადა სამი თვით გაუხანგრძლივდება.
კომისიისთვის უფლებამოსილების გაგრძელების საკითხი დღეს კომისიის სხდომაზე ექსპერტის რანგში მიწვეულმა მიხეილ ოსაძემ დააყენა. ამ მოთხოვნის არგუმენტად კი იმ ფაქტორს ასახელებს, რომ მას გასაწევი მუშაობის დასრულება დადგენილ ვადაში შეუძლებლად მიაჩნია.
როგორც ოსაძემ განაცხადა, დასაკითხია სახელმწიფო უწყებების მაშინდელი პირველი პირები, რომლებიც ზვიად გამსახურდიას დევნას უშუალოდ ახორციელებდნენ და რომლებიც დღეს საქართველოში არ ცხოვრობენ.
მისივე თქმით, საქმის მასალებში ფიგურირებს პირი, რომლის მტკიცებით, მან იცის ვინ არის პრეზიდენტის მკველობის შემკვეთი, თავად მკვლელი და კონკრეტულად რა თანხაა ამაში გადახდილი. სავარაუდოდ დღეს საქართველოში არც ეს ადამიანი ცხოვრობს და ოსაძე მის მოსმენასაც საჭიროდ მიიჩნევს.
`პროკურატის მასალები ცხადყოფს, რომ ძალიან ბევრი საინტერესო რამ არის გასარკვევი და ბოლომდე მისაყვანი. სიმართლის დასადგენად ძალიან სერიოზული მუშაობაა ჩასატარებული, რასაც დარჩენილ თვენახევარში ვერ შევძლებთ,~ - აღნიშნა ოსაძემ.
აღსანიშნავია, რომ იგი დასაკითხ პირთა ვინაობას არ აკონკრეტებს, მაგრამ არაოფიციალურად უკვე ცნობილია, რომ საპარლამენტო კომისია იგორ გიორგაძის, შოთა კვირაიას და თენგიზ კიტოვანის მოსმენას გეგმავს, რომლებიც ამჟამად რუსეთში იმყოფებიან.
კომისია ასევე აპირებს ზვიად გამსახურდიას მთავრობის წარმომადგენლის ბესარიონ გუგუშვილის მოსმენას, რომელიც გამსახურდიას დაღუპვის შემდეგ საცხოვრებლად ფინეთში წავიდა.
გარდა ამისა, არსებობს იმის ვარაუდიც, რომ კომისიის დღის წესრიგში ექს-პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის მოსმენის საკითხიც დადგება.