საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებული ძალების მე-3 ქვეითი ბრიგადის სამხედროების დაჯილდოვების ცერემონიალი დღეს ქუთაისში გაიმართა. "სამშვიდობო მისიაში მონაწილეობისთვის", უწყებრივი და სახელმწიფო ჯილდოები ISAF-ის ოპერაციაში მონაწილე 32 -ე ბატალიონს და ქვეითი ასეულის შემადგენლობას გადაეცა. სამხედროებს ჯილდოები თავდაცვის მინისტრმა ბაჩო ახალაიამ, შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელმა პირებმა და ავღანეთში გარდაცვლილი პოლკოვნიკის რამაზ გოგიშვილის ვაჟმა გადასცეს. მედალი სამშვიდობო მისიაში მონაწილეობისთვის 1019 სამხედრომ მიიღო. ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენით ოთხი, სხვა სახელმწიფოებრივი და უწყებრივი მედლებით კი - 122 სამხედრო მოსამსახურე დაჯილდოვდა.
ავღანეთში ნატო-ს ეგიდით მიმდინარე სამხედრო ოპერაციაში ISAF (საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფის ძალები) საქართველო ერთ-ერთი უმსხვილესი კონტრიბუტორია. პირველად, ISAF-ის ოპერაციაში 50-მა ქართველმა სამხედრო მოსამსახურემ მონაწილეობა 2004 წელს მიიღო, სადაც მათი ამოცანა ავღანეთში საპრეზიდენტო არჩევნების უსაფრთხოების უზრუნველყოფა იყო. 2009 წლის 16 ნოემბერიდან ქართული სამშვიდობო ასეული მისიას ფრანგული კონტინგენტის შემადგენლობაში ქ. ქაბულში, რეგიონალური სარდლობის შტაბ-ბინაში მდებარე "ვორჰაუზ"-ის ბაზაზე უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით ასრულებს.
2010 წლის აპრილიდან, ავღანეთის სამხრეთით მდებარე ჰელმანდის პროვინციაში საქართველოს შეიარაღებული ძალების მესამე ქვეითი ბრიგადის 31-ე ქვეითი ბატალიონის 750 სამხედრო პირი გაიგზავნა, რომელიც აშშ-ის სამხედრო ძალების მხარდაჭერით სრული სპექტრის ოპერაციებს ახორციელებდა. 31-ე ბატალიონი მესამე ქვეითი ბრიგადის 32-ე ბატალიონმა 2010 წლის ნოემბრის თვის განმავლობაში როტაციის წესით ჩაანაცვლა. 32-ე ბატალიონი სამშობლოში 2011 წლის მაისში დაბრუნდა. სამშვიდობო მისიისთვის ექვსთვიანი ინტენსიური მომზადება ორივე ბატალიონმა კრწანისის სასწავლო ცენტრში გაიარა. სწავლებას ამერიკის შეერთებული შტატების საზღვაო ქვეითი ჯარების საექსპედიციო ბრიგადა ხელმძღვანელობდა. სამხედროები გერმანიის ქალაქ ჰოჰენფელსშიც იმყოფებოდნენ, სადაც სამხედრო წვრთნებს აშშ-ის გაერთიანებული მრავალეროვანი მზადყოფნის ცენტრში (JMRC) გადიოდნენ. წვრთნების დასრულების შემდეგ ქართველმა სამხედროებმა დადებითი შეფასება მიიღეს როგორც ცენტრის ექსპერტების, ასევე ამერიკელი საზღვაო ქვეითების ტრენერთა და მრჩეველთა ჯგუფის მიერ.