საქართველოს კალათბურთელთა ახალგაზრდულმა ნაკრებმა ჰოლანდიაში მასპინძელთა 3 წლით უფროსი ასაკობრივი ნაკრები დაამარცხა. 20-წლამდელთა ნაკრებმა ჰოლანდიური შეკრება წარმატებით დაასრულა. დავით უსტიაშვილისა და არჩილ ჟღენტის გაწვრთნილმა საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა მესამე ამხანაგურ მატჩში მასპინძელთა ნაკრებს მოუგო.
ქართველებმა ჰოლანდიის 20-წლამდელთა ნაკრები 23 ქულით დაამარცხეს, ხოლო ავსტრიელ თანატოლებთან დაძაბულ ბრძოლაში 82:89 წააგეს. ბოლო შეხვედრა 3 ივლისს გაიმართა და უსტიაშვილის გუნდმა ჰოლანდიელთა 23-წლამდელთა ნაკრებს 87:83 მოუგო. ქართველ კალათბურთელთაგან თავი თორნიკე შენგელიამ გამოიჩინა.
"მიუხედავად იმისა, რომ ჰოლანდიელი კალათბურთელები 3 წლით უფროსები იყვნენ, ქართველ კალათბურთელებს მათი დამარცხება არ გასჭირვებიათ. მესამე პერიოდში ჩვენმა უპირატესობამ 15 ქულას მიაღწია და საბოლოოდ საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა, რომელსაც ამჯერადაც თორნიკე შენგელიამ ულიდერა, გამარჯვება მოიპოვა", - განაცხადა უსტიაშვილმა.