"The Weinstein Company, რომელმაც მადონას, როგორც რეჟისორის, მეორე ფილმის - "ჩვენ გვჯერა სიყვარულის" - შეძენის უფლება მოიპოვა, გეგმავს, იგი 2011 წლის 9 დეკემბერს გამოუშვას", -იუწყება Collider-ი. ფილმს კომპანია 2012 წლის ოსკარისთვის "ბრძოლაში" წარადგენს.
ამჟამად, The Weinstein Company-ს, მადონას ფილმის გარდა, აქვს რამდენიმე პროექტი, რომლებსაც შეუძლია პრეტენზია განაცხადოს "ოსკარზე". მაგალითად, კომპანიამ შეიძინა უფლება, შავ-თეთრი ფილმის, "მსახიობის" გაქირავებაზე. ფილმში მონაწილეობისთვის კანის ფესტივალის საუკეთესო მსახიობის ჯილდო ჟანი ჟარდენმა მიიღო. გარდა ამისა, კომპანიას აქვს ფილმი "რკინის ლედი", სადაც მარგარეტ ტეტჩერის როლს მერილ სტრიპი თამაშობს და "ყველაზე მთვრალი ოლქი მსოფლიოში" - ჯონ ჰილკოუტისა და ტომ ჰარდის მონაწილეობით.
ფილმში - "ჩვენ გვჯერა სიყვარულის" მოქმედება ნიუ-იორკში მცხოვრებ უილი უინტროპის ირგვლივ ვითარდება, რომელიც მეფე ედუარდ VIII-ისა და ამერიკელი უოლის სიმპსონის რომანითაა შეპყრობილი. უინტროპს სჯერა, რომ ეს რომანი იდეალური სიყვარულის ისტორია იყო. ამიტომ ყიდულობს ყველა ნივთს, რომელიც ამ წყვილს უკავშირდება, ცდილობს დეტალებში აღადგინოს მათი ერთობრივი ცხოვრება. თუმცა აღმოაჩენს, რომ მათი ურთიერთობა შორს იყო იდეალურისგან.
ფილმის სიუჟეტს საფუძვლად დაედო მეფე ედუარდ VIII-ის მიერ ტახტის უარყოფის რეალური ისტორია სიმპსონზე დაქორწინების სანაცვლოდ. შედეგად, გვირგვინი უმცროს ძმაზე, გიორგ VI-ზე გადავიდა. ფილმში მთავარ როლებს ები კორნიში (უილი უინტროპი), ჯეიმს დარსი (ედუარდ VIII),Aანდრეა რეიზბორო (უოლის სიმპსონი) ასრულებენ. ახალ ფილმში ერთ-ერთ როლს მადონას 14 წლის ქალიშვილი ლუდრესი შეასრულებს.