აშშ-ის ორეგონის შტატის ქალაქ ბენდში, დაწყებით სკოლაში მომხდარი სროლის შედეგად სამი ბავშვი და ერთი მასწავლებელი დაიღუპა. პოლიციის ცნობით, თავდამსხმელი 16 წლის იყო. ის შეიარაღებულმა მოქალაქემ მოკლა.
შემთხვევა Silver Rail-ის დაწყებით სკოლაში მოხდა. ამის შესახებ The New York Times წერს.
პოლიციის ინფორმაციით, თავდამსხმელი სკოლაში დაახლოებით 13:00 საათზე შეიჭრა. მას ცეცხლსასროლი იარაღი ჰქონდა და შენობაში შესასვლელი ჩაკეტილი კარი გასროლით გააღო.
სამართალდამცველები შემთხვევის ადგილზე მალევე მივიდნენ და შენობაში სამი მოკლული ბავშვისა და დაღუპული მასწავლებლის ცხედრები აღმოაჩინეს. დაღუპული ბავშვები 5, 8 და 11 წლის იყვნენ.
სროლის შედეგად ასევე დაიჭრა შვიდი წლის ბავშვი და კიდევ ერთი მასწავლებელი.
ბენდის პოლიციის უფროსმა მაიკ კრუნცმა განაცხადა, რომ სროლა მხოლოდ რამდენიმე წუთს გაგრძელდა. თავდამსხმელი შეიარაღებულმა მოქალაქემ შეაჩერა, რომელიც მას დაედევნა, სკოლაში შეჰყვა და ესროლა. პოლიციის ცნობით, სამართალდამცველებმა შემთხვევის ადგილზე მისვლის შემდეგ ნახეს, რომ თავდამსხმელი მოკლული იყო.
დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს. Associated Press-ის ცნობით, შვიდი წლის ბავშვისა და 54 წლის მასწავლებლის მდგომარეობა კრიტიკულია.
გამოძიება გრძელდება.