„სტატუსთან დაკავშირებით აფხაზეთთან მოლაპარაკებების პერსპექტივა დღეს არ არსებობს, მაგრამ პოსტსააკაშვილის პერიოდში მოგვიწევს პოლიტიკურ თანაცხოვრებაზე შეთანხმება", - ასე ეხმაურება „ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში „თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი ირაკლი ალასანია აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ ექსპერტ მამუკა არეშიძის ინიციატივას.
„პოლიტიკურ საკითხებზე - სტატუსთან დაკავშირებით დღეს მოლაპარაკების პერსპრექტივა არ არსებობს. ამიტომ, ჩვენ უნდა ვილაპარაკოთ საზოგადოებების დაახლოებაზე, რასაც ხელს შეუწყობს ერთობლივი სავაჭრო, ეკონომიკური, ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება. ეს გამოიწვევს საზოგადოებებს შორის ნდობის აღდგენას, თუმცა ამის რესურსი სააკაშვილის ხელისუფლებას არ აქვს. უკვე პოსტ სააკაშვილის პერიოდში კი ეს შესაძლებელი გახდება", - განუცხადა"ჯი-ეიჩ-ენს" ალასანიამ.
მისივე განმარტებით, აფხაზეთის სტატუსზე ლაპარაკი მხოლოდ მას შემდეგ შეიძლება დაიწყოს, რაც საზოგადოებებს შორის ნდობა და ურთიერთობა აღდგება.
„ჩვენ, უპირველესად, უნდა დავიბრუნოთ ურთიერთობა საზოგადოებებს შორის და შემდეგ დადგება დრო, როცა პოლიტიკურ სტატუსზე და პოლიტიკურ საკითხებზეც შევძლებთ ღიად საუბარს. სტატუსზე საუბარი საერთაშორისო სამართლის შესაბამისად მოხდება. ერთიან სახელმწიფოებრივ საზღვრებში უნდა შევთანხმდეთ პოლიტიკურ თანაცხოვრებაზე, მანამდე რთული, მაგრამ კონკრეტული გზაა გასავლელი", - აღნიშნა ალასანიამ.
შეგახსენებთ, რომ კავკასიის საკითხებში ექსპერტ მამუკა არეშიძის აზრით, საქართველოს ცენტრალურმა ხელისუფლებამ აფხაზეთის დამოუკიდებლობა უნდა აღიაროს, რითაც ამ ტერიტორიასთან მიმართებაში რუსეთს მორიგი მანევრის გაკეთების შანსს მოუსპობს, თავად აფხაზების ეთნოფონდს კი გადაშენებისგან იხსნის.