IndieWire-ის ინფორმაციით, მაიკლ რედფორდი ბიოგრაფიული ფილმის, "კასტროს ქალიშვილის" რეჟისორი იქნება. ფილმს საფუძვლად ფიდელ კასტროს უკანონო შვილის, ალინა ფერნანდესის მემუარები დაედება.
ფერნანდესი 1956 წელს დაიბადა, კუბა 1993 წელს დატოვა, ხოლო 1998 წელს დაწერა წიგნი "კასტროს ქალიშვილი: განდევნილის მოგონებები კუბაზე". დიდი ეკრანისთვის ალინა ფერნანდესის ნამუშევრის სცენარი რობერტ მორესკომ და კუბელმა დრამატურგმა ნილო კრუსმა მოამზადეს.
ფილმი "კასტროს ქალიშვილი" ჯერ კიდევ 2008 წელს დაანონსდა. მაშინ იუწყებოდნენ, რომ თავად ფერნანდესი გაუწევდა კონსულტაციას ფილმის შემქმნელებს. სავარაუდოდ, გაქირავებაში ფილმი 2012 წელს გამოვა.
მაიკლ რედფორდი მანამ მუშაობდა ისეთ ფილმებზე, როგორიცაა "1984" (ჯორჯ ორუელის ამავე სახელწოდების რომანის კინოვერსია), "ფოსტალიონი", "ვენეციელი ვაჭარი".