დღეს, 2 ივლისს, 19:00 საათზე, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ხვედურეთში იხსნება ქარელის მუნიციპალიტეტის ღია პირველობა ქართულ ჭიდაობაში. ტურნირში მონაწილეობას 35 კგ-დან აბსოლუტურ წონით კატეგორიამდე მოჭიდავეები მიიღებენ.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" შიდა ქართლი გუბერნატორის ადმინისტრაციიდან აცნობეს, ტურნირის ორგანიზატორია მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურისა და სპორტის სამსახური, სასპორტო დაწესებულებათა გაერთიანება და ზემო ხვედურეთის ტერიტორიული ორგანო.
ადგილობრივი ხელისუფლების მიერ დაწესებულია შესაბამისი პრიზები და სიგელები პირველ და მეორე ადგილზე გამსვლელი გამარჯვებულებისთვის. აბსოლუტურ წონით კატეგორიაში მოპოვებული გამარჯვებისთვის კი მუნიციპალიტეტის გამგეობამ ფულადი ჯილდო 100 ლარის ოდენობით დააწესა.
შეჯიბრებაზე მოწვეული არიან ქართული ჭიდაობისა და კრივის შიდა ქართლის ფედერაციის პრეზიდენტი პაატა გიორგაძე, გენერალური მდივანი ოთარ ყურაშვილი და სხვა ოფიციალური პირები.
მუნიციპალიტეტის პირველობა ქართულ ჭიდაობაში ტრადიციაა და ყოველ ზაფხულს ტარდება. მასობრივი შეჯიბრება ზაფხულის განმავლობაში სხვადასხვა სოფელში იმართება. მასში სხვადასხვა ქალაქიდან ჩასული მოჭიდავეებიც მონაწილეობენ. 2 ივლისს გახსნილი პირველობა მთელი ზაფხულის განმავლობაში გაგრძელდება.
"ტურნირის მიზანია ქართული ჭიდაობის პოპულარიზაციის ხელშეწყობა, ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პროპაგანდა და ასევე პერსპექტიული მოჭიდავეების გამოვლენა", - აცხადებენ ორგანიზატორები.