სახალხო დამცველ გიორგი ტუღუშის შეფასებით, საქართველოში გამოძიება ხშირ შემთხვევაში მხოლოდ ფორმალურად ტარდება.
ამის შესახებ ტუღუშმა დღეს, სასტუმრო „ქორთიად მარიოტში" წამების წინააღმდეგ გამართულ რიგით მე-7 კონფერენციაზე განაცხადა.
„გამოძიება თითქმის ყოველთვის ატარებს ფორმალურ ხასიათს და ხშირ შემთხვევაში მთავრდება საქმის შეწყვეტით ან გამოძიების გაჭიანურებით. წამების ფაქტების შემცველ საქმეებზე, ხშირ შემთხვევევში, რაც ყველაზე საყურადღებოა, გამოძიება წყდება თავად პოლიციელთა ჩვენებებზე დაყრდნობით და როგორც წესი, დაზარალებული უარყოფს სახალხო დამცველისთვის მიცემულ ახსნა-განმარტებას და ჩვენებას იძლევა სამართალდამცველთა სასარგებლოდ. ამასთან, ზოგ შემთხვევაში, სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა ან არ ინიშნება, ან ინიშნება ისეთ დროს, როცა დაზარალებულს არანაირი დაზიანება აღარ აღენიშნება", - განმარტა ტუღუშმა.
გარდა ამისა, სახალხო დამცველის შეფასებით, მთავარი პროკურატურა, უმეტეს შემთხვევაში, ზერელედ ეკიდება დაკავებული და თავისუფლებაშეზღუდული პირების ცემისა და მათი უფლებების დარღვევის შემცველი ქმედებების გამოძიების საკითხს.
„სახალხო დამცველის აპარატის მიერ მთავარ პროკურატურაში არაერთ სისხლის სამართლის საქმეზე გაიგზავნა წერილობითი რეკომენდაცია, რომლითაც ვითხოვით, არასათანადო მოპრობის ჩვენ ხელთ არსებულ ფაქტებზე გამოძიების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციას. მიღებული პასუხების ანალიზის თანახმად შეგვიძლია ვთქვათ, რომ პროკურატურა, უმეტეს შემთხვევაში, ზერელედ ეკიდება დაკავებული და თავისუფლებაშეზღუდული პირების ცემისა და მათი უფლებების დარღვევის შემცველი ქმედებების გამოძიების საკითხს. ხშირ შემთხვევაში, ამგვარ ფაქტებს აკვალიფიციურებს არა როგორც წამებისა და დამამცირებელი მოპყრობის ქმედებებად, არამედ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებად ან ცემად", - აღნიშნა სახალხო დამცველმა.
გიორგი ტუღუშის თქმით, წამების ფაქტების არაეფექტური გამოძიება ყველაზე მეტად უშლის ხელს წამების აღმოფხვრას, რადგან ის დაუსჯელობის სინდრომს ქმნის სამართალდამცავ ორგანოებში და აჩენს რისკს, რომ მსგავსი ქმედებები კვლავ განმეორდება.
სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" დღეს, რიგით მე-7 კონფერენცია "მსოფლიო წამების გარეშე" გაიმართა. მასზე წარმოდგენილი იყო აქტუალური საკითხები, ანგარიშები და გაიმართა მსჯელობა დაუსჯელობისა და წამების კრიმინალიზაციის საკითხების პრიორიტეტულობასა და გადაჭრის გზებზე. შემუშავებული რეკომენდაციები დეკლარაციის სახით გაეგზავნება წამების საწინააღმდეგო უწყებათაშორის საბჭოსა და სხვა პასუხისმგებელ სამთავრობო უწყებებს. კონფერენციის ორგანიზატორები საქართველოს სახალხო დამცველი და წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრი „ემპათია" იყვნენ.