ე.წ. სამხრეთ ოსეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრო გავრცელებულ განცხადებაში იუწყება, რომ მათ ხელთ არსებული ინფორმაციით, თბილისი "სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო საზღვარზე ფართომასშტაბიანი პროვოკაციების განსახორციელებლად ემზადება".
ოსი სეპარატისტები განცხადებაში ასევე იუწყებიან, რომ საქართველოს სპეცსამსახურები ე.წ. საზღვარზე დევნილების მასობრივ არასანქცირებული გადასვლის მოწყობას გეგმავენ.
"საქართველოს სპეცსამსახურები საქართველოსა და სამხრეთ ოსეთის საზღვარზე ე.წ. დევნილების მასობრივი გადასვლის მოწყობას გეგმავენ. ეს ის "დევნილები" არიან, რომლებმაც 2008 წლის აგვისტოში საკუთარი ნებით მიატოვეს სამხრეთ ოსეთის ტერიტორია", _ იუწყებია სეპარატისტები და განცხადებაში ასევე აღნიშნავენ, რომ აქციის მიზანია მოწინააღმდეგე მხარე აიძულონ ძალა გამოიყენონ.
"გეგმის მიხედვით, ყოველივეს აქტიურად გააშუქებს ქართული და დასავლური მედია და სრულ პასუხისმგებლობას მომხდარზე სამხრეთ ოსეთს დააკისრებს. ამგვარი აქციით, სააკაშვილი რეჟიმი პოლიტიკური დივიდენდების მიღებას გეგმავს საერთაშორისო საზოგადოებისგან სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ მიმართული დეზინფორმაციული კამპანიის პროცესში", _ აცხადებენ სეპარატისტები.
ამასთან ერთად, განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო შეშფოთებას გამოხატავს შექმნილი მდგომარეობის გამო და გამოთქვამს გაფთხილებას საზღვარზე მდგომარეობის გართულების შესაძლებლობის გამო.
"აღნიშნული გეგმის განხორციელების შემთხვევაში სრული პასუხისმგებლობა ამის შემდეგ განვითარებულ მოვლენებზე ქართულ მხარეს დაეკისრება", _ ნათქვამია განცხადების ბოლოს.