ბრალდებულთა და მსჯავრდებულთათვის თმების მთლიანი გადაპარსვის იძულება დაუშვებელია, თუ არ არსებობს ექიმის მოთხოვნა ან ჰიგიენური აუცილებლობა.
აღნიშნულთან დაკავშირებით სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრისა და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ერთობლივი
ბრძანება გამოიცა.
ბრძანებაში ნათქვამია, რომ დაწესებულებაში მყოფ პირთა სათავსების არქიტექტურულ-ინფრასტრუქტურული გადაწყვეტა და აღჭურვა უნდა უზრუნველყოფდეს ბუნებრივი ფიზიოლოგიური მოთხოვნილებების დაკმაყოფილების, პირადი ჰიგიენის დაცვის, ჯანმრთელობის შენარჩუნებისა და ხელშეწყობის შესაძლებლობას ადამიანის პატივისა და ღირსების შეულახავად.
აღნიშნული კი გულისხმობს, რომ სასჯალაღსრულების დაწესებაში მყოფი პირის ხარისხიანი, უსაფრთხო და საკმარისი სასმელი წყლით უზრუნველყოფას (არანაკლებ 2,5 ლიტრი ერთ პირზე დღეში); პირადი ჰიგიენის წესების (ხელ-პირის დაბანა, პირის ღრუს ჰიგიენური დამუშავება, სხეულის დაბანა არანაკლებ კვირაში ერთხელ, საპარიკმახერო მომსახურება: პირის გაპარსვა, თმის შეჭრა, ფრჩხილის დაჭრა) შესრულებისათვის წყალმომარაგებისა და კანალიზაციის ცენტრალიზებულ ქსელთან მიერთებული, შესაბამისად აღჭურვილი სანიტარიულ-ტექნიკური ინფრასტრუქტურით და ჰიგიენური საშუალებებით (საპონი, კბილის პასტა, ნეჭი, პირსახოცი) უზრუნველყოფას; საწოლითა და ლოგინით (ლეიბი, ბალიში, საბანი) უზრუნველყოფას; სუფთა თეთრეულით არანაკლებ კვირაში ერთხელ უზრუნველყოფას, აგრეთვე, სეზონის შესაფერისი სპეციალური ტანსაცმლის მიწოდებასა და ცვლას დაბინძურების მიხედვით.
ასევე დაწესებულების ადმინისტრაციამ უნდა უზრუნველყოს მიკროკლიმატის ოპტიმალურ დაცვას სათავსებში; ბუნებრივ და ხელოვნურ განათებას, ვენტილაციას; ნარჩენების შეგროვებისა და დროული გატანის უზრუნველყოფას; სათავსების ყოველდღიური დასუფთავების, ავეჯისა და ფანჯრების ყოველკვირეული წმენდის, პერიოდული სადენზიფექციო სამუშაოების ორგანიზებას; სათავსის აღჭურვას საერთო სარგებლობის ავეჯით (მაგიდა, სკამი, ტუმბო, კარადა და სხვ.); პერიოდული სამედიცინო შემოწმების, პროფილაქტიკური აცრების და სხვა ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებების ჩატარებას.