ველური ბუნების ეროვნული სააგენტოს სპეციალისტების მიერ ჩატარებული ბოლო მონიტორინგის თანახმად, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის მთის მდინარეებში ნაკადულის კალმახის პოპულაცია მნიშვნელოვნად გაიზარდა.
ბოლო მონაცემებით, მთის მდინარეში, სადაც 2022 წლამდე წითელი ნუსხის სახეობა ნაკადულის კალმახი ფაქტობრივად აღარ ფიქსირდებოდა, პოპულაცია 50 ინდივიდამდე გაიზარდა.
თევზების ზომები 14-დან 30 სანტიმეტრამდე მერყეობს.
ნაკადულის კალმახის სტაბილურად მზარდი პოპულაცია ველური ბუნების ეროვნული სააგენტოს პროექტის შედეგია, რომელიც 2016 წლიდან მიმდინარეობს და კალმახის ქვირითით მდინარეების დათევზიანებას და შემდგომში პოპულაციის მონიტორინგს ითვალისწინებს.
წითელი ნუსხის სახეობის – ნაკადულის კალმახის ქვირითისა და ლარვის ველურ ბუნებაში გაშვება არის მეთოდი, რომელიც ხელს უწყობს მოწყვლადი სახეობის გამრავლებას და მაქსიმალურად ზრდის ბუნებრივად გამოჩეკის პროცესს.
2024 წელს საქართველოს მდინარეები ნაკადულის კალმახის 140 000 ქვირითით დათევზიანდა. 2025 წლის გეგმის მიხედვით, მდინარეების დათევზიანება, ჯამში, 700 000 ქვირითით მოხდება.
ინფორმაციას ველური ბუნების ეროვნული სააგენტო ავრცელებს.