პარტია კი არ უნდა გააუქმო, არჩევნების გზით უნდა დაამარცხო, – ამის შესახებ პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, გიორგი შარაშიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, პოლიტიკური პარტიის შექმნის არსი არჩევნებში მონაწილეობაა.
„ჩვენ „ქართული ოცნების“ ლოგიკა არ გვესმის, ამიტომ ყველა შესაძლო შედეგისთვის მზად ვიყავით და ვართ. ვინ ვინ და „ლელოს“ „ნაცმოძრაობის” გვერდით მოხვედრა სრულიად გაუგებარია. რაც ამ პარტიებს დანაშაულები აქვთ ჩადენილი, კარგად ვიცით, მაგრამ პოლიტიკური პარტია არჩევნებით უნდა დაამარცხო. ამიტომ, პარტია კი არ უნდა გააუქმო, უნდა დაამარცხო. ბოლო ერთი წლის განმავლობაში ამ პარტიების გზა ბოიკოტი იყო. ფაქტობრივად, ამ პარტიებმა თავიანთი თავი თავად აიკრძალეს. ისინი ამბობენ, რომ „ოცნებასთან“ ბრძოლაში ქუჩის გარდა არაფერს აზრი არ აქვს. მაშინ, პარტია რაში სჭირდება? – პარტია მაშინ გჭირდება, როცა არჩევნებში მონაწილეობა უნდა მიიღო. მიუხედავად იმისა, რომ უთანასწორო ბრძოლაა, ჩვენ და „ლელომ“ არჩევნებში მონაწილეობა მივიღეთ. პოლიტიკური პარტია იმისთვის იქმნება, რომ არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა.
ჩვენ არ ვართ ქუჩის პოლიტიკოსები და დამხობის მომხრე პოლიტიკოსები, მიუხედავად იმისა, რომ არა თუ მათზე ნაკლებად არ გვინდა რეჟიმის დამარცხება, არამედ მათზე გაცილებით მეტად გვინდა, მაგრამ ტაქტიკა და სტრატეგია სხვა გვაქვს. ნამდვილად ვერ დავუწყებთ ვერავის ბოდიშების ხდას იმისთვის, როგორ გავბედეთ თურმე პოლიტიკურმა პარტიამ და ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ "ოცნებისთვის" არ მიგვეცა საბაბი ჩვენი აკრძალვის. რა თქმა უნდა, ამას გავაკეთებდით, მომავალშიც გავაკეთებთ," - განაცხადა შარაშიძემ.