სამხედრო ნაწილებში დამლაგებლების თანამდებობა უქმდება, დასუფთავებაზე პასუხისმგებლობა კი სამხედრო მოსამსახურეებზე გადადის.
როგორც „ჯი-ეიჩ-ენს" ასოციაციის „სამართალი და თავისუფლება" ხელმძღვანელმა ირაკლი სესიაშვილმა აცნობა, თავდაცვის სამინისტროს მიერ გადაწყვეტილება უკვე მიღებულია, რის თაობაზეც ასოციაციას თავად სამხედროებმა მიაწოდეს ინფორმაცია.
„ასოციაციას "სამართალი და თავისუფლება", რომელიც უკვე მე-13 წელია იცავს წვევამდელებსა და სამხედრო მოსამსახურეებს, სამხედრო მოსამსახურეებმა აცნობეს, რომ თავდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, სამხედრო ნაწილებში უქმდება დამლაგებლების თანამდებობა, რაც ნიშნავს იმას, რომ თავად სამხედრო მოსამსახურეებს მოუწევთ ტუალეტების, საშხაპეების და ყაზარმების დასუფთავება", - აცხადებს სესიაშვილი.
ასოციაციის ხელმძღვანელის აზრით, ეს ერთი შეხედვით, ნაკლებად საყურადღებო გადაწყვეტილება, სერიოზულ კონფლიქტებს გამოიწვევს, როგორც თავად ჯარისკაცებს შორის, ასევე მათ მეთაურებთან ურთიერთობისას.
„ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ სწორედ ასეთი შავი სამუშაოს შესრულებისთვის ჯარში ადგილი ჰქონდა ე.წ. "დედოვშჩინას", რომლის დროსაც ე.წ. უფროსები ჩაგრავდნენ უმცროსებს და ავალდებულებდნენ მათ ნაცვლად შავი სამუშაოს შესრულებას. ამის გამო ადგილი ჰქონდა ჩხუბებს, ცემას, შეურცხყოფას, დამცირებას და მათ შორის არაადამიანურ მოპყრობას. ჯარისკაცების განცხადებით, ამ გადაწყვეტილების მიღების გამო, ისინი ღიად გამოთქვავენ თავიანთ პროტესტს, რის გამოც მათზე ხორციელდება ზეწოლა, როგორც მეთაურების, ასევე თავდაცვის სამინისტროს მხრიდან და როგორც ისინი აცხადებენ, მეთაურები მათ პასუხეს სცემენ და ეუბნებიან, რომ "ვინც ტუალეტს არ გახეხავს, შეუძლია პატაკი დაწეროს და სამხედრო სამსახურიდან წავიდეს", - განმარტავს ასოციაციის ხელმძღვანელი, რომლის შეფასებითაც, გადაწყვეტილების მოტივაცია გაუგებარია.
„თუკი ამ გზით თავდაცვის სამინისტრო ცდილობს ფინანსების ეკონომიას, სჯობს ეს ეკონომია საკუთარი პრემიების, სამივლინებო ხარჯების შემცირებისა და ძვირადღირებული ავტომანქანების ხარჯზე გასწიონ. თუკი თავდაცვის სამინისტრო ამ გადაწყვეტილებას არ შეცვლის, მოსალოდნელია, რომ ბევრმა პროფესიონალმა სამხედრომ, რომლებიც ღირსეულად ემსახურებიან ქვეყანას და ბევრ მათგანს მოვლილი აქვს ცხელი წერტილები, დატოვონ სამხედრო სამსახური, ასევე მოსალოდნელია, რომ ამ გადაწყვეტილებამ გამოიწვიოს ჯარში სერიოზული კონფლიქტები. ჩვენ მოვუწოდებთ თავდაცვის მინისტრს გადახედაოს ამ გადაწყვეტილებას", - აცხადებს ირაკლი სესიაშვილი.