თბილისი.24.09.09."ჯი-ეიჩ-ენი". თბილისის თოჯინების მუზეუმი აცხადებს ბავშვთა ნახატების კონკურსს "მე ვხატავ თბილისს". კონკურსის შედეგად გამოვლინდება 12 პრიზიორი და ნომინანტი, რომელთა ნამუშევრების გამოფენაც თოჯინების მუზეუმში მოეწყობა.
ამავე დროს, მუზეუმი მსურველებს სთავაზობს პროფესიონალი მხატვრის 10-დღიან მასტერკლასს ქალაქის ძველ უბნებში გასვლით. მოზარდებს პლენერზე ხატვის საშუალება ექნებათ, რაც ხელს შეუწყობს მათი პროფესიული უნარ-ჩვევების გამომუშავებას.
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ ბავშვს 4-იდან 17 წლამდე, მათ შორის, შეზღუდული უნარების მქონე, მზრუნველობას მოკლებული და იძულებით გადაადგილებულ მოზარდებს.
პროექტის ავტორი და შემსრულებელია მხატვარი ლელა გელეიშვილი.
"ასეთი პროექტები ჩვენს ბავშვებს ასწავლის ხელოვნების სიყვარულს, აფართოებს მათ თვალსაწიერს. გვესმის, რომ კონკურსის ყველა მონაწილე პროფესიონალი მხატვარი ვერ გახდება, მაგრამ დარწმუნებულნი ვართ, რომ ისინი აუცილებლად ისწავლიან ჩვენი ლამაზი ქალაქის სიყვარულს და ეს კი მნიშვნელოვანია, რადგან დღევანდელი ბავშვები ხვალ თბილისის სრულფასოვანი მოქალაქეები გახდებიან", - განაცხადა თბილისის თოჯინების მუზეუმის დირექტორმა ნანა ოქრუაშვილმა.
პროექტი ჩატარდება თბილისის თოჯინების მუზეუმში, რომელიც მდებარეობს ქალაქის ძველ უბანში, კონკასთან, (შავთელის 17 ა). მსურველებმა მუზეუმში წინასწარი რეგისტრაცია უნდა გაიარონ.
განაცხადები მიიღება 2009 წლის 18 სექტემბრიდან 11 ოქტომბრის ჩათვლით. გამოსაფენად გამზადებული ნახატები _ 2009 წლის 20 ოქტომბრამდე.