დღეს, 15 დეკემბერს, შიდა ქართლის გუბერნატორი ლადო ვარძელაშვილი საზოგადოების წინაშე 2009 წლის ანგარიშით წარსდგება.
ღონისძიებას დაესწრებიან საქართველოში აკრედიტებული ელჩები, საერთაშორისო ორგანიზაციების, ადგილობრივი არასამთავრობო და სამთავრობო სექტორის და მედიის წარმომადგენლები. ღონისძიებაზე მოწვეულნი არიან სამთავისისა და გორის ეპარქიის მღვდელმთავარი და სასულიერო დასის წევრები. ანგარიშის შემდეგ გუბერნატორი დააჯილდოვებს იმ ქვეყნებისა და საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლებს, რომლებმაც განსაკუთრებული დახმარება და თანადგომა გაუწიეს რუსეთ-საქართველოს ომით დაზარალებულ შიდა ქართლის რეგიონს.
2008 წლის აგვისტოში რუსული აგრესიის დროს გამოჩენილი სამოქალაქო გმირობისთვის გორის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭება სამთავისისა და გორის ეპრქიის მღვდელმთავარს, მეუფე ანდრიას. სასულიერო დასის წარმომადგენლებს კი ადგილობრივი ხელისუფლებისგან საჩუქრები გადაეცემათ.