დღეს, 15 დეკემბერს, 17:00 საათზე, ხელოვნების საერთაშორისო ცენტრში (ნ. ნიკოლაძის 7) ბრიტანეთის საბჭოს შემოქმედებითი თანამშრომლობის პროგრამის 2009 წლის გამარჯვებული პროექტის პრეზენტაცია გაიმართება. ეს არის ერთადერთი გამარჯვებული პროექტი სამხრეთ კავკასიიდან.
პროექტის შედეგად შეიქმნა კულტურული მემკვიდრეობის მოტივებისა და ხალხური რეწვის ახალი ნიმუშები ქუთაისის სახელმწიფო მუზეუმთან, ბათუმის არქეოლოგიურ მუზეუმთან, ზაქარია ფალიაშვილის სახლ-მუზეუმთან და თბილისის თოჯინების მუზეუმთან თანამშრომლობით.
შემოქმედებითი თანამშრომლობის Pპროგრამა არის ბრიტანეთის საბჭოს უმნიშვნელოვანესი პროექტი ხელოვნების სფეროში. Mმისი მიზანია ხელი შეუწყოს ბრიტანეთის და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ხელოვანთა შორის თანამშრომლობას.
პროექტის ფარგლებში ბათუმის არქეოლოგიური მუზეუმთან, ქუთაისის ისტორიის მუზეუმთან, თბილისის თოჯინების მუზეუმთან და ზაქარია ფალიაშვილის სახლ-მუზეუმთან თანამშრომლობაში ხელოვნების საერთაშორისო ცენტრმა შექმნა ახალი კოლექცია. ამჯერად საიუველირო თემატიკის პარალელურად კოლექციას კერამიკული ნაკეთობები და გამოყენებითი დანიშნულების სხვა ნიმუშებიც დაემატა.
ორიგინალობით გამოირჩევა მინიატურული ფიგურები, შექმნილი ქუთაისის სახელმწიფო მუზეუმში დაცული ძვ. წ. VII-VI ს.ს. საკულტო-სარიტუალო დანიშნულების ბრინჯაოს მცირე ზომის ქანდაკებების საფუძველზე. ანთროპომორფული ფიგურები, სავარაუდოდ, განკუთვნილი იყო ოჯახში სალოცავად და წარმოადგენდა ნაყოფიერების ღვთაების კერპს. ასევე გამოფენაზე იხილავთ დეკორატიულ სასმისებს შექმნილს სოფელ ჭოგნარში (თერჯოლის რ-ნი) აღმოჩენილი სარიტუალო-საყოფაცხოვრებო დანიშნულების თიხის ჭურჭლის მიხედვით. ძვ.წ. V ს. ფიჭვნარში (აჭარა) კოლხურ ნეკროპოლზე აღმოჩენილი ოქროს სამკაულების მხატვრულ გადამუშავებას. ზაქარია ფალიაშვილის მუზეუმის თანამშრომლების მიერ შექმნილ დეკორატიულ ფიალებს და სასუვენირო ჭიქებს და სხვა.
გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება საახალწლო და საშობაო თემაზე შექმნილი ხელნაკეთი ნივთები.
გამოფენის პრეზენტაციას თავისებურ ელფერს სძენს სამკაულების დემონსტრაცია ცოცხალ მოდელებზე.
დამატებითი ინფორმაციისათვის დაინტერესებულმა პირებმა უნდა მიმართონ ხელოვნების საერთაშორისო ცენტრის დირექტორს მაკა დვალიშვილს (ტელ: 93-13-35) და ბრიტანეთის საბჭოს პროექტის მენეჯერს მაია დარჩიას (ტელ: (899)90-20-06
ბრიტანეთის საბჭო დიდი ბრიტანეთის წამყვანი საერთაშორისო ორგანიზაციაა განათლების შესაძლებლობებისა და კულტურული ურთიერთობების განვითარების სფეროებში. მისი საქმიანობის არეალი მსოფლიოს 110 ქვეყანას მოიცავს. ბრიტანეთის საბჭო ხელს უწყობს თანამშრომლობისა და ურთიერთგაგების განმტკიცებას დიდ ბრიტანეთსა და სხვა ქვეყნებს შორის ბრიტანული შემოქმედებითი იდეებისა და მიღწევების პოპულარიზაციის მიზნით.
ხელოვნების საერთაშორისო ცენტრი არის არასამთავრობო ორგანიზაცია რომელიც შეიქმნა 1995 წელს. ორგანიზაციის მისიაა: კულტურის ორგანიზაციების და მუზეუმების, მცირე და საშუალო საწარმოების, ინდივიდულალური ხელოვანებისა და ხელოსნების ეკონომიკური სტაბილურობისა და საქმიანობის ხელშეწყობა; ქართული კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნება, განვითარება და პოპულარიზაცია; თანამედროვე ქართული ხელოვნების პოპულარიზაცია და საგამოფენო საქმიანობის წარმოება; საერთაშორისო კულტურული ურთიერთობებისა და კულტურული გაცვლითი პროგრამების გაზრდა; საგანმანათელბლო საქმიანობის განხორციელება.