დღეს, 15 დეკემბერს, სანკტ-პეტერბურგში, შერემეტიევოს სასახლეში, საქართველოს ხალხთა საზღვარგარეთ არსებული სათვისტომოების წარმომადგენელთა საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება, რომლის ინიციატორია საქართველოს ხალხთა მსოფლიო კონგრესი.
როგორც კონგრესის პრესამსახური იტყობინება, კონგრესის მიერ წამოწეულმა ლოზუნგმა „გავერთიანდეთ!" ისტორიული სამშობლოს დემოკრატიზაციისა და გამთლიანებისთვის, გამოხმაურება ჰპოვა სხვადასხვა ქვეყნის ქართულ სათვისტომოთა წარმომადგენლებში.
"საქართველოს ხალხთა მსოფლიო კონგრესის პრეზიდენტმა ალექსანდრე ებრალიძემ, რომელიც მუდმივად მხარს უჭერს საზღვარგარეთ არსებული დიასპორების გაერთიანების პროცესის დაჩქარებას, 2009 წლის მაისში განაცხადა თავისი მიზნის შესახებ მონაწილეობა მიიღოს საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნებში. მისივე ინიციატივით არის მოწვეული 15 დეკემბრის საქართველოს ხალხთა საზღვარგარეთ არსებული სათვისტომოების წარმომადგენელთა საერთაშორისო კონფერენცია. კონფერენციაზე დასასწრებად ჩამოდიან მონაწილეები რუსეთის 27 რეგიონიდან, ასევე ქვეყნებიდან, სადაც ცხოვრობს ბევრი წარმომავლობით ქართველი - გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკიდან, საფრანგეთიდან, ბელარუსიდან, უკრაინიდან. კონფერენციის მხარდამჭერი წერილები მიღებულია აშშ-სა და თურქეთიდან", _ ნათქვამია კონგრესისი მიერ გავრცელებულ პრერელიზში და აღნიშნულია, რომ დღის წესრიგშია საქართველოს პოლიტიკურ, ეკონომიკურ და კულტურულ ცხოვრებაში საზღვარგარეთ არსებული სათვისტომოების როლის გაძლიერების საკითხის განხილვა. კონფერენციაზე ასევე დაგეგმილია განხილულ იქნეს საკითხი 2010 წლის გაზაფხულზე საქართველოს ხალხთა სათვისტომოების მსოფლიო ფორუმის ჩატარების შესახებ, რომლის მიზანიც იქნება ერთიანი პოზიციის შემუშავება დემოკრატიული რეფორმების განხორციელებასა და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენასთან მიმართებით, ასევე განხილულ იქნება საკითხი ეროვნული ლიდერის წამოყენების თაობაზე საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების მიზნით.