დევნილთა განსახლების საკითხებთან დაკავშირებით სასტუმრო "რედისონ ბლუ ივერიაში" გაიმართა სამუშაო შეხვედრა "მომავლის ხედვა: იგპ-თა მიმართ სამოქმედო გეგმის გაგრძელება 2012-1014 წლებში". ღონისძიება მინისტრმა კობა სუბელიანმა გახსნა.
კონფერენცია მიზნად ისახავს 2012-2014 წლების სამოქმედო გეგმის გაფართოებაზე სასაუბროდ დაინტერესებული მხარეების - ცენტრალური ხელისუფლების, საერთაშორისო ორგანიზაციების, არასამთავრობო სექტორის, დიპლომატიური სამსახურებისა და თავად დევნილების ჩართვას.
საქართველოს მთავრობამ დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგია 2007 წელს მიიღო. სახელმწიფო სტრატეგიის მთავარი მიზანია დევნილთა სოციალურ-ეკონომიკური ინტეგრაციის ხელშეწყობა და მათი საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება; დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი პირობებით უზრუნველყოფა და სოციალურ-ეკონომიკური ხასიათის ღონისძიებების გატარება, რომელიც სტრატეგიის განხორციელებისთის მთავრობამ სამოქმედო გეგმად შეიმუშავა.
როგორც ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა კობა სუბელიანმა აღნიშნა, სამოქმედო გეგმაში შევიდა ცვლილებები, რომელიც უკავშირდება დევნილების განსახლებას, ფართებით დაკმაყოფილებას, რეგიონებში იმ კარკასებისა და კოლექტიური ცენტრების რეაბილიტაციას, რომლებიც რემონტს ექვემდებარება. იმ ავარიული შენობებიდან კი, რომლებიც რეაბილიტაციას არ ექვემდებარება, დევნილების სხვა ფართებში გადაყვანას.
"აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით ყველანი ერთსულოვნები ვართ. დღევანდელი დღის მთავარი მესიჯი ასევე ის არის, რომ ეს თემა პოლიტიზებისგან შორს იყოს. ეს არის სოციალური პროექტი, რომელიც უკავშირდება დევნილების რეგიონებში განსახლებას და საჭირო არ არის, ზოგიერთი პოლიტიკოსი ამ თემით აპელირებდეს", _ განაცხადა მან.
ღინისძიების ერთ-ერთი ორგანიზატორის, დანიის ლტოლვილთა საბჭოს მრჩევლის გაი ედმუნდსის თქმით, კონფერენციის მთავარი მიზანი სამინისტროს მომავალი გეგმების განხილვა და დისკუსიებში რაც შეიძლება მეტი დაინტერესებული პირის ჩართვაა.
"ძირითადი განსახილველი თემებია დევნილთა განსახლება და ამ პროცესების მონიტორინგის საკითხები. ჩვენი მიზანია, იძულებით გადაადგილებულ პირებთან სწორი კომუნიკაცია და მათი ინფორმირება სახელმწიფოში არსებულ სერვისებსა და კეთილდღეობაზე", - განაცხადა მან.
სუბელიანმა ასევე აღნიშნა, რომ მთავარი გამოწვევები ჯერ კიდევ წინ არის.
"დევნილთა განსახლებასთან დაკავშირებით ხშირად არაპოპულარული გადაწყვეტილებების მიღებაც გვიწევს, რის გამოც კრიტიკის ობიექტი ვხვდებით. ჩვენი ერთობლივი მუშაობის შედეგია ის, რომ 30 ათასამდე დევნილ ოჯახთან დაკავშირებით გრძელვადიანი გადაწყვეტილება უკვე მიღებულია. მთავარი გამოწვევები ჯერ კიდევ წინ გვაქვს. ჩვენი მთავარი ამოცანაა, ყველა დევნილი საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებული იყოს", - განაცხადა მან.
მინისტრმა პრობლემურ საკითხებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ასეთი ერთ-ერთი საკითხია ავარიული შენობები, რომლებიც რეაბილიტაციას არ ექვემდებარება. კერძოდ, არის შემთხვევები, როცა გარკვეული კოლექტიური შენობები რეაბილიტაციას არ ექვემდებარება, შესაბამისად აღიშნული ობიექტებიდან დევნილთა განსახლება სხვა ობიექტებში უნდა მოხდეს. მისი თქმით, თუ მუშაობა არსებული ტემპით გაგრძელდა, დაახოლებით 2 წელიწადში ბენეფიციარების ძირითადი ნაწილი დაკმაყოფილებული უნდა იყოს. მინისტრმა აღნიშნა, რომ დევნილების მხოლოდ საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილება საკმარისი არ არის და პროცესის ნაწილია დასაქმებაც.
გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის წარმომადგენელმა საქართველოში სიმონე უოლკენმა კი აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია ჰუმანიტარული დახმარებიდან ეკონომიკურ განვითარებაზე გადასვლა.
კონფერენციის ორგანიზატორები არიან დანიის ლტოლვილთა საბჭო, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო, გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატი, გაეროს ლტოლვილთა სააგენტო, ევროკავშირის დელეგაცია საქართველოში და შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგეტნო.