ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა არასრულწლოვნით ვაჭრობის (ტრეფიკინგი) ფაქტზე დააკავეს მარნეულის რაიონის შაუმიანის საავადმყოფოს სამშობიარო განყოფილების ექიმი მარინე წიქარიშვილი, აგრეთვე საქართველოს მოქალაქეები: ლიანა დარჩიძე, გუგული ქათამაძე და ნაილი შავიძე.
2009 წლის ოქტომბერში ფეხმძიმედ მყოფი ლიანა დარჩიძე და დედამისი გუგული ქათამაძე დაუკავშირდნენ შაუმიანის საავადმყოფოს სამშობიარო განყოფილების მეან-გინეკოლოგს მარინე წიქარიშვილს და სთხოვეს დახმარება ბავშვის გაყიდვაში. მ. წიქარიშვილმა ფეხმძიმე ლ. დარჩიძე მშობიარობამდე სოფელ წითელსოფელში ნაილი შავიძესთან დააბინავა.
შემდეგ კი ბავშვის 5500 აშშ დოლარად შეძენის მსურველები მოძებნა, 9 დეკემბერს ლ. დარჩიძე თავად ამშობიარა და დაამზადა ბავშვის დაბადების ყალბი მოწმობა და სხვა დოკუმენტები. სამართალდამცველებმა ეჭვმიტანილები ერთი დღის ჩვილის გაყიდვის ფაქტზე დააკავეს.
მიმდინარეობს წინასწარი გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1432 და 362-ე მუხლებით, რაც საერთო ჯამში ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას თერთმეტიდან თოთხმეტ წლამდე ვადით.