დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგიის, სამოქმედო გეგმის, წარმატებების თუ პრობლემების გასაცნობად საქართველოს აზერბაიჯანელი კოლეგები სტუმრობენ. აზერბაიჯანის მინისტრთა კაბინეტის დევნილთა დეპარტამენტის ხელმძღვანელი პირები, დევნილებზე მომუშავე სამთავრობო კომისიის წევრები, გაეროს წარმომადგენლები აზერბაიჯანში და სხვა ოფიციალური პირები დევნილებთან დაკავშირებული სხვადასხვა პროექტებით დაინტერესდნენ.
ლტოლვილთა და დევნილთა მიმართ აზერბაიჯანის სახელმწიფო კომიტეტის აპარატის უფროსის - ტელმან მამადოვის თქმით, საქართველოში დევნილთა მიმართ განხორციელებული პროგრამები საკმაოდ წარმატებულად ითვლება და შესაბამისად, აღნიშნული გამოცდილების გაზიარება მათთვის დადებითი იქნება: "საკმაოდ მნიშვნელოვანია დევნილთა საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება, მათი განსახლებისა და დასაქმების პროგრამები. აღნიშნული მიმრთულებები ჩვენი სახელმწიფოსათვის პრიორიტეტია. საქართველოში განხორციელებული პროექტები საკმაოდ წარმატებულად ითვლება და ამ საქმეში საერთაშორისო დახმარებების იმედი გვაქვს."
სამუშაო შეხვედრაში ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს წარმომადგენლებიც მონაწილეობენ. როგორც სამინისატროს ადმინიატრაციული დეპარტამენტის ხელმძღვანელი ვალერი კოპალეიშვილი აცხადებს: "ჩვენმა აზერბაიჯანელმა კოლეგებმა კარგად იციან, რომ მივიღეთ დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგია და ვახორციელებთ სამოქმედო გეგმას. შესაბამისად, მათ შედეგები აინტერესებთ, რომ დადებითი გამოცდილება თავიანთ ქვეყანაშიც გამოიყენონ."
სამუშაო შეხვედრა დღის ბოლოს დასრულდება, რის შემდეგაც აზერბაიჯანელი კოლეგები კომპაქტურად ჩასახლებულ დევნილებს მოინახულებენ.