"ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში" შემოდის ახალი ტერმინები "არაკრიტიკული შეუსაბამობა" და "კრიტიკული შეუსაბამობა".
პარლამენტში წარმოდგენილი კანონპროექტის თანახმად, სურსათის/ცხოველის საკვების მწარმოებელ საწარმოს ან/და დისტრიბუტორის მიერ არაკრიტიკული შეუსაბამობის დროს უფლებამოსილი პირის მიერ გაცემული რეკომენდაციის შეუსრულებლობა გამოიწვევს 400 ლარის ოდენობით დაჯარიმებას.
იგივე ქმედება, ჩადენილი ხელმეორედ მიცემული გონივრული ვადის გასვლისას, გამოიწვევს დაჯარიმებას 1200 ლარის ოდენობით.
სურსათის/ცხოველის საკვების მწარმოებელ საწარმოდ ან/და დისტრიბუტორად რეგისტრირებულ საწარმოში კრიტიკული შეუსაბამობა გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით და საწარმოო პროცესის შეჩერებით კრიტიკული შეუსაბამობის გამოსწორებამდე.
როგორც კანონპროექტის ინიციატორები განმარტავენ, კრიტიკულ შეუსაბამობაში იგულისხმება ადამიანის ჯანმრთელობისთვის საშიში ფაქტების აღმოჩენა, ხოლო არაკრიტიკულ შეუსაბამობის დროს უფრო ტექნიკური სახის დარღვევებზეა საუბარი, რომელიც ადამიანის ჯანმრთელობისთვის საფრთხეს არ შეიცვას.
თუ სურსათის ეროვნულ სააგენტოს უფლებამოსილ პირთან თანამშრომლობაზე უარის თქმა ან უფლებამოსილების შესრულების პროცესში მისთვის ხელის სხვაგვარად შეშლა მოხდა, ეს გამოიწვევს სურსათის/ცხოველის საკვების მწარმოებელი საწარმოს ან/და დისტრიბუტორის დაჯარიმებას 400 ლარის ოდენობით.
"ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში" ცვლილებების შესახებ კანონპროექტი პარლამენტში უკვე შემოსულია და მის ინიცირებას ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი 13 ივნისს ბიუროს სხდომაზე მოახდენს.